საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება - ამის შესახებ ცნობილი დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის, მაჯნუნ მამადოვის შეხვედრის შემდეგ გახდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობაში დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანი იქნება სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობა".
"შევთანხმდით, რომ შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ჩვენს სამინისტროებს შორის. გვჯერა, რომ ეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და კვების სექტორებში. ვისაუბრეთ ვაჭრობის გაფართოებაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, რა თქმა უნდა, ეს გადამწყვეტი და ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომელიც მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ", - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაჯნუნ მამადოვმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიის, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი და დარგობრივი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.
"დავით სონღულაშვილმა კოლეგა მინისტრს აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სურსათით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საექსპორტო პოტენციალის მქონე ქართული წარმოების პროდუქტებზე გაამახვილა", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.




























