მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს

5c18b90752541
თამუნა ქემერტელიძე
18.12.18 13:08
2733
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს, - ამის შესახებ დღეს განცხადება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ამ თემაზე ორ ქვეყანას შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

„მიუხედავად „ბრექსიტის“ სირთულეებისა, ქართულ-ბრიტანული ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე. საქართველო-დიდი ბრიტანეთი უკვე აქტიურად თანამშრომლობს, რომ გამოწვევა, რომელიც განპირობებულია „ბრექსიტით“, გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად; ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებას დიდ ბრიტანეთთან“, - აცხადებს ბერუჩაშვილი.

BM.Ge აღნიშნულ თემაზე საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსაც დაუკავშირდა.

როგორც საელჩო ჩვენთან საუბარში განმარტავს, ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ორმხრივი შეხვედრებიც პერმანენტულად იმართება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ თავისუფალი ვაჭრობაა.

„ქვეყნებს შორის ნამდვილად კარგი ურთიერთობებია, ასევე პოზიტიური დინამიკაა, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით; წლებია, ბრიტანეთი საქართველოს ტოპ ინვეტორებს შორისაა“, - აცხადებენ საელჩოში.

BM.Ge ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატასაც დაუკავშირდა.

მათი თქმით, დიდი ბრიტანეთის კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი უფრო სოფლის მეურნეობის მიმართულებითაა, „თუმცა ჯერ დეტალებზე საუბარი ნაადრევია“.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები