მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და უზბეკეთის ტურიზმის უწყებები თანამშრომლობის პროგრამის დაწყებაზე შეთანხმდნენ

შეხვედრა

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა თანამშრომლობის პროგრამის დაწყებას საქართველოსა და უზბეკეთის ტურიზმის უწყებებს შორის. ის გათვლილია 2024-2026 წლებზე და მოიცავს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაცვლა-გაზიარებას, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას, აგრეთვე ორი ქვეყნის ტურისტული წრეების დაახლოებას.

"შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველა მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, რაც დადებითად აისახა კიდეც ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების დინამიკაზე.

აღინიშნა, რომ 2023 წელს უზბეკეთი საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მხრივ მეთოთხმეტე ადგილზე დაფიქსირდა - ზრდადი დინამიკა 2024 წელსაც გაგრძელდა და წლის პირველ ნახევარში საქართველოს უზბეკეთიდან 27%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერება ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, საპორტო ინფრასტრუქტურა, გადამმუშავებელი მრეწველობა, ტექსტილი და სხვ. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სახეზეა ურთიერთობების მეტი განვითარება, რაც დადებითად აისახება საქართველო - უზბეკეთის შემდგომ თანამშრომლობაზე",- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები