გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი აცხადებს, რომ შეშფოთებულია BBC-ის რეპორტაჟით, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2024 წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებას შეეხება.
"ღრმად შეშფოთებული ვიყავი BBC-ს რეპორტაჟით, რომელმაც ივარაუდა, რომ საქართველოს პოლიციამ 2024 წლის ბოლოს თბილისში ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ და ჩვენ საქართველოსგან ქიმიური იარაღის კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას მოველით, რათა ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებაზე კონვენციაში არსებული აკრძალვების ნებისმიერი სახით სავარაუდო დარღვევა შესაბამისად იქნეს გამოძიებული", - წერს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი, სამეფოს თემთა პალატის წევრის, ჯესიკა მორდენის კითხვის პასუხად, რომელიც BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას ეხებოდა.
1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში აქციების დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო ტოქსიკური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტე“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. თუმცა, სუს-მა 6 დეკემბერს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც BBC-ის გამოძიების მიერ დასახელებული ნივთიერება - ბრომობენზილ ციანიდი არ იყო გამოყენებული აქციების დაშლის პროცესში.
"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის - არის "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.




























