შაფრანის მწარმეობელი ქართველი ფერმერი ისრაელისა და თურქეთის ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მას შემდეგ, რაც პროდუქტი ბიოსერთიფიკატს მიიღებს, საქართველოში მოყვანილი სუნელი ექსპორტზე გავა.
როგორც მეწარმე რუსუდან ხარაბაძე bm.ge-სთან აცხადებს, ფარმაცევტიკაში შაფრანი ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი პროდუქტია და მისგან სხვადასხვა მედიკამენტს, მათ შორის ანტიბიოტიკებსა და ანტიოქსიდანტებს ამზადებენ.
ფერმერი, რომელიც საგარეჯოში ამ დროისთვის 1600 კვადრატზე 1 კგ შაფრანს იღებს, 2022 წლისთვის წარმოების 1 ჰექტრამდე გაფართოებას გეგმავს.
“ამ ეტაპისთვის ბიოსერთიფიკატს ველოდებით, რადგან ფარმაცევტული კომპანიებისთვის და ზოგადად საერთაშორისო ბაზრისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ბიო იყოს, მოლაპარაკებები ისრაელთან და თურქეთთან გვაქვს. რაც შეეხება მოსავლის მოცულობას, წელს 1600 კავდრატზე 1 კილოგრამი შაფრანი ავიღე, 2022 წლიდან კი ბაღის მოცულობას 1 ჰექტარამდე გავზრდი. რაც შეეხება ფასს, ადგილობრივ ბაზარზე 1 გრამს 55 ლარად ვყიდი” - აღნიშნავს რუსუდან ხარაბაძე.
ინფორმაციისთვის, ფერმერმა შაფრანის ბოლქვები ჰოლანდიიდან ჩამოიტანა და მეურნეობის მოსაწყობად 10 000 ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. მეწარმემ თავდაპირველად 300 გრამი, შემდგომ 800, საბოლოოდ კი 1 კილოგრამი შაფრანი აიღო.




























