2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, 85 მილიონი ლარით, 35 მილიონ ლარამდე შემცირდა ენერგიის დამგროვებელი სადგურის დაფინანსების მოცულობა. ასევე, გადაიხედა 2027-2029 წლებში ამ პროექტის კაპიტალური ღირებულება და ის წინასწარ ნავარუდევი 355 მილიონი ლარის ნაცვლად, 270 მილიონი ლარით განისაზღვრება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-სთან განაცხადა, რომ შესაბამისი მოწყობილობების მიღების და მათი განთავსების ღირებულება წინასწარ პროგნოზირებულზე ნაკლები დაჯდება.
"ეს არის საპროგნოზო მოცულობა. პროექტის ღირებულებაც იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული. დაახლოებით 18 თვე სჭირდება მოწოდებას,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით ფინანსდება და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება. ენერგიის დამგროვებელი სადგურის მოცულობა 200 მეგავატი იქნება. ეს წარმოადგენს 200 მეგავატ საათის სიმძლავრის ელექტრობატარეას, რომელში არსებულ ენერგიასაც ქვეყანა პიკური მოხმარების დროს გამოიყენებს, ხოლო მასში ენერგიის დაგროვება მოხდება შედარებითი სიჭარბის პერიოდში.
200 მეგავატ საათის ტევადობის ელექტრობატარეა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ქსანი 500"-ის მიმდებარედ განთავსდება და ის ძირითადად ავარიული თუ პიკური დატვირთვის დროს თბილისის უწყვეტ ელექტრომომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი.
პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები ამგვარად არის მთავრობის მიერ პროგნოზირებული:
"განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გენერაციის დაბალანსება და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მათი ინტეგრაციის ლიმიტების მნიშვნელოვანი ზრდა;
ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ამაღლებული ენერგოდამოუკიდებლობის დონე, ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების რეზერვების გაზრდილი მოცულობა და მოქნილობა;
თბილისის მიმდებარე რეგიონებისა და საქართველოს ეკონომიკისათვის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების მოხმარების შეზღუდვის (გათიშვის) რისკის დაზღვევა ისეთ კრიტიკულ შემთხვევებში, როგორიცაა თბოელექტროსადგურებისთვის გაზის მიწოდების შეფერხება და დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო ელექტროსისტემამ ტენდერი 4 აგვისტოს გამოაცხადა, რაც 17 ნოემბერს დასრულდა. ტენდერის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ენერგიის დამგროვებელი სადგური უმეტესწილად ლითიუმ-იონის ტექნოლოგიის ბატარეებით არის აღჭურვილი, საუბარია ისეთივე ელემენტებზე, რომელთაც ელექტრომობილები იყენებენ, თუმცა მათი რაოდენობიდან გამომდინარე ასეთ სადგურებს მთელი ქალაქის ელექტრომოხმარებისთვის საკმარისი ენერგიის დაგროვება შეუძლიათ.




























