2030 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის წლიურმა მოხმარებამ შესაძლოა, 3.5 მლრდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს. ასეთი პროგნოზი აქვს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემურ გოჩიტაშვილს.
მისი განმარტებით, გაზრდილი მოთხოვნა შესაძლოა, აზერბაიჯანულმა გაზმა დააკმაყოფილოს, რადგან 2022-დან 2026 წლამდე ახალი წყაროების ათვისებას იწყებს.
რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მიღების ალტერნატიულ წყაროებს, როგორიც თურქმენული და ირანული გაზია, თემურ გოჩიტაშვილი ერთ მათგანს შორეულ პერსპექტივად განიხილავს, მეორეს კი - პესიმისტურად უყურებს.
კონკრეტულად, ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის განხორციელების პერსპექტივებს თემურ გოჩიტაშვილი მას შემდეგ უფრო რეალურად აფასებს, რაც მიმდინარე წლის 12 აგვისტოს კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ კონვენციას ხელი მოეწერა.
„თუკი თურქმენეთი მონახავს გაზის მყიდველს ევროპაში, საქართელში, ან სხვაგან, შეიძლება აშენდეს გაზსადენი ირანის და რუსეთის თანხმობის გარეშე, რომლებიც მანამდე წინააღმდეგნი იყვნენ. ამიტომ პერსპექტივა არის. ახლა უკვე საქმეა კომერციულ მომგებიანობაზე, რომ თურქმენეთი დაინტეტესდეს, გაზის გაიტანოს, ან ევროპა დაინტერესდეს, რომ თურქმენული გაზი შეიძინოს. გარკვეული მოცულობები არსებულმა მილსადენებმაც შეიძლება გაატაროს, მაგრამ თუ დიდი მოცულობების გადატანაზეა საუბარი, მაშინ აუციელებელი იქნება ახალი ინფრასტრქუტურის მშენებლობა. პერსპექტივები გაცილებით უკეთესია, ვიდრე აგვისტომდე იყო, მაგრამ რეალურად პროექტის რეალიზაციამდე ძალიან შორია“, - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა.
თურქმენული გაზისგან განსხვავებით, იმ სანქციების პირობებში, რაც ირანს დაწესებული აქვს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელს, აღნიშნული ქვეყნიდან გაზის მიღების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
„სანქციების პირობებში გამორიცხულია და საერთოდ, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი ირანული გაზის მიღებაზე, რადგან ირანის გაზი შეიძლება, შემოვიდეს ჩრდილოეთიდან. ჩრდილოეთ პროვინციებში კი ირანი თავად ყიდულობს გაზს, რადგან დეფიციტი აქვს“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლომდე, საქართველოში ბუნებრივი გაზის სექტორში ევროპული კანონმდებლობის დანერგვა იგეგმება, რაც მომხმარებლებს მომწოდებლების არჩევის შესაძლებლობას მისცემს.

























