ბრიტანული აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „მოორ სტივენს“-ის პარტნიორის მიშა აბაიაძის განცხადებით, ქართულ ბაზარზე გამოწვევას აუდიტის სფეროში ხარისხიანი მომსახურების გაწევა წარმოადგენს.
„საქართველოში ბევრი კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მომხმარებელს რამდენი კომპანია უწევს ხარისხიან მომსახურებას.
სახელმწიფოს მხრიდან ამის რეგულირება ისე ვერ ხდება, როგორც საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორულ სამსახურებს კარგი რეგულატორი ჰყავს, მათ რესურსი და თანამშრომლები არ ჰყავთ იმდენი, რომ ყველა კომპანიის ხარისხი დროულად შეამოწმონ,“ - განმარტა მიშა აბაიაძემ.
აბაიაძის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მეტი კვალიფიციური კადრი სჭირდება.
„სახელმწიფოს კვალიფიციური კადრები სჭირდებათ, რომ უფრო მეტი კომპანია შეამოწმოს. საქართველოში დაახლოებით 250 აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, საიდანაც 2016 წლიდან დაახლოებით 30 კომპანიას, 10%-ს ხარისხის კონტროლის შემოწმება გავლილი აქვს და ამ კომპანიებს სხვადასხვა ხარისხი მიენიჭათ. სახელმწიფომ უნდა მოინდომოს, რომ ხარისხის კონტროლი უფრო მეტ კომპანიას ჩაუტაროს“ - განმარტა „მოორ სტივენს“-ის პარტნიორმა.
ცნობისთვის: ბრიტანული აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელი „მოორ სტივენსი“ რეიტინგის მიხედვით მსოფლიოში მე-11 ადგილზე იმყოფება და მისი წლიური ბრუნვა 3 მლრდ დოლარს შეადგენს. ამჟამად ქსელში ჯამში 30 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
კომპანიის ძირითადი მიმართულება, რისი მეშვეობითაც ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ლიდერობს ეს არის კონსალტინგი სანაოსნო სექტორში, თუმცა ყველა სხვა სექტორის კომპანიებთანაც სერვისების მიწოდების მდიდარი გამოცდილება აქვს. „მოორ სტივენს“ ირიცხება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და საქართველოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ აუდიტორთა რეესტრებში, რისი საშუალებითაც მას შეუძლია საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, საბანკო და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ასევე სხვადასხვა მსხვილ რეიტინგულ კომპანიებს მოემსახუროს."

























