მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 64 ავტორიზებული უნივერსიტეტია - გამკაცრდება თუ არა ავტორიზაციის პირობები

60587599389f9
თათია კაკიაშვილი
22.03.21 22:42
1166

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, უნივერსიტეტების უმეტესობა კერძოა. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60% თბილისში მდებარეობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭო იღებს. ინფორმაცია BMG-ის ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.

ცენტრის ცნობით, იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მოიპოვოს, რამდენიმე სტანდარტის დაკმაყოფილებაა საჭირო: დაწესებულებას მკაცრად გაწერილი მისია და სტრატეგიული განვითარების გეგმა უნდა ჰქონდეს; უნდა შეეძლოს ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა; უნდა ფლობდეს საგანმანათლებლო პროგრამებს და ჰყავდეს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; ასევე, უნივერსიტეტი უნდა მართავდეს სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებებს და სასწავლო პროცესის ხარისხიანი მართვისთვის უნდა ატარებდეს კვლევებს. 

განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას შეფასებით, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების დიდი რაოდენობის მიზეზი არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც, ძირითადად, კომერციალიზაციაზეა ორიენტირებული და არსებული სისტემის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსიტეტებს შორის კონკურენციამ განათლების ხარისხი გააუმჯობესოს. თუმცა, სახელმწიფოს ეს მიდგომა არ ამართლებს.

"დღეს მოქმედი უნივერსიტეტების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა განათლების ხარისხის მიმართულებით გასატარებელ კვლევებს და თითქმის არც ტარდება. აქედან გამომდინარე, ასეთი უნივერსიტეტები იარსებებენ თუ არა, ზოგად სურათზე გავლენას ვერ ახდენენ. ისინი, როგორც უნივერსიტეტები - კლასიკური გაგებით, არ მუშაობენ", - განუცხადა BMG-ს სიმონ ჯანაშიამ.

ამასობაში, განათლების ხარისხის განვითარების უმაღლესი ცენტრის ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ჯერ კიდევ 2018 წელს განახლდა და ის, მესამე წელია, სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრონციპებთან, რის საფუძველზეც, 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობა მოიპოვა.

ცნობისთვის, წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ჯერ ისევ გრძელდება და ამ ეტაპზე ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები არ მიუღია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები