ბოლო წლებში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ სასაწყობე ფართებზე მოთხოვნა გაზარდა, თუმცა მიწოდება ისევ ფრაგმენტულია, ინფრასტრუქტურა კი მარტივი. სექტორში არსებული პოტენციალი და გამოწვევები "თიბისი კაპიტალის" კვლევამაც გამოკვეთა.
კვლევა აჩვენებს, რომ დღეს საქართველოში 2.2 მლნ კვ.მ სასაწყობე ფართია, საიდანაც მხოლოდ 10%-ია სამაცივრე მეურნეობა, დანარჩენი მშრალი საწყობი.
მიუხედავად მზარდი მოთხოვნისა, "თიბისი კაპიტალში" აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში მაღალგანვითარებული ლოგისტიკური სერვისების სიმცირეა.
თანამედროვე ლოგისტიკური სერვისების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ "თბილისის მშრალ პორტშიც", სადაც ამბობენ, რომ ქვეყანაში A კლასის კატეგორიის საწყობების ნაკლებობაა, რა მიმართულებითაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება.
"თბილისის მშრალი პორტის" კომერციული მენეჯერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია იწყებს საქართველოში ოპერირებას, სერვისზე მოთხოვნაც იზრდება, შესაბამისად, კომპანიები როცა საწყობს იჯარით იღებენ, ითხოვენ შენობასთან ერთად სრულ მომსახურების სრულ პაკეტს.
“დახურული სასაწყობე ინფრასტრუქტურის მიმართულებით თბილისში არის ძირითადი მატება, ეს კვლევაშიც კარგად იყო ნაჩვენები, რომ ისევ დიდი ზეწოლა მოდის თბილისზე. ეს ალბათ განპირობებულია იმით, რომ იმპორტიორი და ექსპორტიორი უკვე დიდ მარაგს აჩერებს და დაუდგა ეს საჭიროება, რომ ჰქონდეს საწყობი, რომელიც აქამდე შეიძლება უფრო პატარა მცირე მოცულობებით უფრო მარტივ ლოგისტიკას და მიწოდების ჯაჭვს აკეთებდა.
გაზრდილია საერთაშორისო სტანდარტებზე მოთხოვნა, თუმცა რასაც ვეძახით, B და C კლასის საწყობები. თუმცა ბევრი A კლასი არ ვითარდება, თუმცა მოთხოვნა იზრდება, იმიტომ, რომ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ახლანდელ არსებულ რეალობაში უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია გადმოდის ჩვენს დერეფანზე. თავისთავად მათ აქვთ თავისი სტანდარტები, თავისი მაღალი მოთხოვნები, რომელიც უკვე ითვალისწინებს სწორედ A კლასის საწარმოების გაფართოებას. ჩვენც, მათ შორის თბილისის მშრალ პორტს დაგეგმილი გვაქვს მომავალ წელს A კლასის ტიპის საწყობის გახსნა. თავისთავად ქვეყნის სხვა ქალაქებშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ტრენდი ტვირთის მატებასთან ერთად გაგრძელდეს,”- ამბობს თბილისის მშრალი პორტის კომერციული მენეჯერი ლევან ბერძენიშვილი.




























