თბილავიამშენის ქარხნის ტერიტორიაზე მოქმედმა კომპანია “თამ მენეჯმენტმა” 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიამ სამხედრო ვერტმფრენების რემონტთან დაკავშირებით გააფორმა რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი ცენტრალური აფრიკის სამ ქვეყანასთან. აღნიშნული კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 53 მილიონი დოლარი შეადგინა.
თავად 2022 წლის განმავლობაში კი კომპანიამ 4.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ იყო კომპანიის სრული ხარჯების დასაფინანსებლად, რის გამოც “თამ მენეჯმენტმა” გასულ წელს 5 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
თავად აფრიკული მედია წერს კიდევ ერთ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2023 წელს გაფორმდა, საუბარია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კუთვნილი Mi24-ის ტიპის 6 ვერტმფრენის მოდერნიზაცია 16 მილიონ ევროს შეადგენდა და ეს ხომალდები სწორედ “თბილავიამშენის” ანგარში რემონტდება.
მმართველობითი ანგარიშის თანახმად, კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა:
“სამხედრო და სამოქალაქო საავიაციო ტექნიკისა და შეიარაღების დაპროექტება, დამზადება, გამოცდა, მოდერნიზაცია, რემონტი, ექსპლუატაცია, შესყიდვა, რეალიზაცია, ექსპორტ-იმპორტი. სამხედრო და სამოქალაქო საავიაციო ტექნიკისა და შეიარაღების სათადარიგო ნაწილების დამზადება-მიწოდება და სერვისული მომსახურება; სპეცპროდუქციის, საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების და ფართო მოხმარების საქონლის დაპროექტება, წარმოება, რემონტი, გამოცდა, მოდერნიზაცია, შესყიდვა, რეალიზაცია, ექსპორტ-იმპორტი; სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო სამუშაოების წარმოება და სხვა.
შპს “თამ მენეჯმენტი” (შემდგომში -”საზოგადოება”) დაფუძნდა 2015 წლის 8 იანვარს. საიდენტიფიკაციო კოდი: 405079711. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკესაბურთალოს რაიონი, ფალიაშვილის ქ. №96, ბ.1. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან: შპს „თამ მენეჯმენტ გრუფ“ (ს/ნ 405048684) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება BARGUZINO ENERGY TRADING LIMITED, HE 115598,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 53 მილიონი ლარია, ხოლო ვალდებულებები 80 მილიონ ლარს შეადგენს.

























