მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში აფთიაქების რაოდენობა ევროპულ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება, რაც მედიკამენტებს აძვირებს - თინათინ ტურძილაძე

თინათინ ტურძილაძე

საქართველოში აფთიაქების ჭარბი რაოდენობა პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების მაღალ ფასებთან — ამის შესახებ ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტმა, წამლის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თინათინ ტურძილაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მომხმარებელი წამლის საფასურში რეალურად იმ ჭარბი ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯს იხდის, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

ექსპერტის შეფასებით, აფთიაქების სიმრავლე საქართველოში ჯანსაღ კონკურენციაზე არ მიუთითებს. მისი თქმით, ბაზარზე არა ფასების, არამედ „ტრაფიკის კონკურენცია“ მიმდინარეობს, სადაც დომინანტი კონგლომერატები ცდილობენ, მომხმარებელი ფიზიკურად მათ ქსელში შევიდეს.

“საქართველოში ნამდვილად ჭარბია აფთიაქების რაოდენობა - დაახლოებით სამჯერ უფრო მეტია 100 000 მოსახლეზე აფთიაქების რაოდენობა საქართველოში, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებშია; იქ დაახლოებით 28-30-ია, ჩვენთან 70-80-მდეა აფთიაქი.

რაც უფრო ჭარბია რაოდენობა, ცხადია, ეს არის გაზრდილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისად გაზრდილი საოპერაციო ხარჯები. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ფასებზე და ამ ჭარბი ინფრასტრუქტურის ფასს იხდის მომხმარებელი წამლის ფასში.

რეალურად ეს რით არის გამოწვეული? ეს არ არის ჩვეულებრივი ბაზარი. ჯანდაცვის ბაზარი და მათ შორის ფარმაცევტული - მოთხოვნის ნაწილში არაელასტიურია. აქ იმის მიხედვით, რა ფასი ექნება წამალს, საჭიროება არ იზრდება — ეს არის მისი სამედიცინო საჭიროება.

ამ წამალს გაყიდის 5 აფთიაქი თუ 10 აფთიაქი, ამით უბრალოდ ბრუნვა უმცირდება აფთიაქს, როცა ბევრი აფთიაქი დგას. გამოსავალი რა არის? ან გაყიდოს მეტი ანუ არარაციონალური ფარმაკოთერაპიის მექანიზმები აამუშაოს, ან გაყიდოს ძვირად.

შესაბამისად, ორივე სერიოზული დარტყმაა, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში გვაქვს ზიანი არარაციონალური ფარმაკოთერაპიის, რომელიც ამასთანავე ფინანსურ ტვირთს შეიცავს, და მეორე შემთხვევაშიც გაზრდილი ფასი. ასე რომ, აფთიაქების რაოდენობა სასურველია იმდენი იყოს, რამდენიც საჭიროა და არა მეტი.

მეორე საკითხია ის, რომ სინამდვილეში არ გვაქვს რეალური კონკურენცია, ეს არის უბრალოდ ერთი და იგივე კონგლომერატების, ანუ დომინანტი კონგლომერატების სააფთიაქო ქსელები. ანუ აქ ფასების კონკურენცია არ მიდის, აქ არის უბრალოდ ტრაფიკის კონკურენცია და შესაბამისად, ამიტომაა ბევრი აფთიაქი, რომ ყველა ქსელი ცდილობს მასთან მოხვდეს მომხმარებელი. ეს ამ თვალსაზრისითაც ფასზე დადებითად არ აისახება, უბრალოდ აქ ლაპარაკია, იმაზე თუ მომხმარებელს ვინ შეიყვანს თავის აფთიაქში. ასე რომ, ეს არ არის ის კონკურენცია, რომელზეც ეკონომისტები საუბრობენ და რომელიც ზოგადად, ბაზრისთვის არის საინტერესო - ამ შემთხვევაში სულ სხვა მექანიზმები მუშაობს”, - ამბობს წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი თინათინ ტურძილაძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები