საქართველოში სასმელის ალუმინის ქილების საწარმოს მშენებლობა განიხილება. პროექტს სააქციო საზოგადოება Georgian Can Makers (GCM) უკავშირდება, რომლის გეგმების მიხედვით, საწარმოში დაახლოებით 84 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. პროექტის სრულად ამოქმედების შემთხვევაში საწარმოს წლიურმა წარმადობამ შესაძლოა, 1.2 მილიარდი ქილა შეადგინოს.
როგორც კომპანიის საოპერაციო დირექტორმა (COO) აბდალა ბინომ BMG-ს განუცხადა, პროექტის მიზანი საქართველოში ალუმინის ქილების ადგილობრივი წარმოების განვითარება და სასმელების მწარმოებლებისთვის იმპორტირებული შეფუთვის ალტერნატივის შეთავაზებაა.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საქართველოში სასმელების მწარმოებლები ალუმინის ქილების მიწოდების კუთხით მნიშვნელოვანწილად იმპორტზე არიან დამოკიდებული. ამასთან, მზა ქილების საერთაშორისო ტრანსპორტირება მათი მოცულობითი შეფუთვის გამო დამატებით ლოგისტიკურ ხარჯებს უკავშირდება. GCM-ის გეგმის მიხედვით, ადგილობრივი წარმოება ამ დამოკიდებულების შემცირებასა და მიწოდების ვადების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
აბდალა ბინოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თავდაპირველად ორი ტიპის პროდუქციის წარმოება განიხილება: 330-მილილიტრიანი ფორმატის ქილების, რომელიც ძირითადად ენერგეტიკული და გამაგრილებელი სასმელებისთვის გამოიყენება და 500-მილილიტრიანი სტანდარტული ქილების, რომელთა გამოყენებაც ლუდისა და სხვა სასმელების ჩამოსასხმელად არის შესაძლებელი.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გამოყენებული ქილების გადამუშავების საწარმოს მოწყობაც იქნება. კომპანიის გეგმის მიხედვით, საწარმო არა მხოლოდ ახალ ქილებს გამოუშვებს, არამედ გამოყენებულსაც გადაამუშავებს და მიღებულ ნედლეულს წარმოების პროცესში გამოიყენებს.
კომპანიის ამჟამინდელი გეგმით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2027 წელს იგეგმება, ხოლო მშენებლობისა და საწარმოო დანადგარების მონტაჟის პერიოდი დაახლოებით 18-24 თვედ არის განსაზღვრული. ამის შემდეგ უნდა განხორციელდეს დანადგარების ტესტირება და საწარმოს კომერციული წარმოებისთვის მომზადება. GCM წარმოების დაწყებას 2029 წელს ვარაუდობს.
აბდალა ბინოს განმარტებით, პროექტის დაფინანსების მოდელი ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას ითვალისწინებს. განიხილება, მათ შორის, კომპანიის აქციების გაყიდვით კერძო ინვესტიციების მოზიდვა და დაფინანსების სხვა მექანიზმები. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში დაფინანსების კონკრეტული წყაროების განაწილება დაზუსტებული არ არის.
კომპანიის განცხადებით, საწარმოს ამოქმედების შემთხვევაში გათვალისწინებულია პროდუქციის რეალიზება მეზობელ ქვეყნებშიც, განსაკუთრებით - სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ მიმართულებით კომპანია საქართველოს რეგიონულ მომწოდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ხედავს.
ბინოს თქმით, GCM-ს ენერგეტიკული სასმელების წარმოების სფეროში ოპერირების 12-ზე მეტწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოში სასმელების ჩამომსხმელ და შეფუთვის ინდუსტრიებთან მუშაობის გამოცდილება გააჩნია.
კომპანიის შესახებ
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება Georgian Can Makers 2026 წლის 29 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორად ჰოლლი ემა კლარკია მითითებული, ხოლო ოპერაციული დირექტორის (COO) პოზიციას აბდალა ბინო იკავებს.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისი ძირითადი აქციონერია გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ბენჯამინ უილსონი.





















