მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ანიმაციური სტუდიების რაოდენობა იზრდება“ – „ჯიბის სტუდია“ ახალ ანიმაციაზე მუშაობს

646f6da939cbf
სალომე ხიდურელი
26.05.23 09:30
592
„ახალი წარმატებაა ჩვენი შემდეგი ფილმი, რომელზე მუშაობასაც მალე დავიწყებთ“ - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ ანიმაციური ფილმების შემქმნელმა, „ჯიბის სტუდიის“ დამფუძნებელმა ანა ჩუბინიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ახალმა ფილმმა კინოსტუდიის დაფინანსება უკვე მოიპოვა და ახლა პროცესი კონტრაქტების გაფორმების ეტაპზეა.

„ახალი ანიმაციური ფილმი იქნება „ლომის ახალი ფაფარი“, რომელიც ბავშვებისთვის იქმნება. მოვიპოვეთ კინო ცენტრის დაფინანსება და ახლა მიმდინარეობს დაფინანსების მოძიება საფრანგეთსა და ჰოლანდიაშიც. როგორც კი ეს კონტრაქტები შედგება, დავიწყებთ მუშაობას, ვფიქრობთ სექტემბრიდან.

ეს იქნება მიუზიკლი, ბავშვებისთვის ძალიან სახალისო იმაზე, თუ როგორ ცდილობს ლომი საკუთარი თავის პოვნას. ძალიან მინდა, რომ ამ მუზიკლში ქართველი მუსიკოსები ჩავრთოთ და ქართული მუსიკალური პოტენციალიც წარმოვაჩინოთ. ფილმი იქნება ქართულად ინგლისურად და ფრანგულად“, - ამბობს ანი ჩუბინიძე.

„ჯიბის სტუდია“ ქართულ ბაზარზე 6 წელია ოპერირებს და მისი შექმნის იდეა დამფუძნებლის ანიმაციური ფილმის „ჯიბის კაცის“ გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. ამ ეტაპზე, სტუდიაში 20 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ანიმაციურ ფილმებსა და რეკლამებზე მუშაობენ.

„რეკლამებს მხოლოდ საქართველოსთვის ვქმნით, თუმცა „ჯიბის კაციც“ და ახალი ფილმიც, ფრანგებთან ერთად იქმნება. ახალ ფილმზე ჰოლანდიაც შემოგვიერთდა და იქნება სამი ქვეყნის ერთობლივი წარმოება.

ჩვენი საამაყო პროექტი არის „ფრენცის სასადილო“ - მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ანიმაციური ფილმი, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა, შერჩეული იყო 122 ფესტივალზე და მოიპოვა 20 ჯილდო“, - ამბობს ანა ჩუბინიძე.

ანიმაციის რეჟისორმა „ქალების ნარატივში“ სექტორის გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ სფეროში შესაბამისი განათლების მიღებაა.

„ანიმაციები ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდება და საქართველოში სტუდიების რაოდენობაც იზრდება. ჩვენი მეგობარი სტუდიები ძალიან საინტერესო ანიმაციებს ქმნიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ უფრო მეტი ყურადღება ექცეოდეს ამ სფეროს, განსაკუთრებით განათლების მხრივ, რაც ყველაზე დიდი სისუსტეა. სტუდია „ანიმატორმა“ უკვე წამოიწყო კურსები იმისთვის, რომ უფრო მეტი პროფესიონალი შემოგვემატოს“, - ამბობს ანა ჩუბინიძე.

„ჯიბის სტუდიის“ დამფუძნებლის თქმით, მათ სტუდიაში ვიზიტებით, ძირითადად, ბავშვები არიან დაინტერესებული, რომლებისთვისაც სკოლიდან ექსკურსიის ფარგლებში „ფრენცის სასადილოს“ ჩვენება იმართება ხოლმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები