მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებელი 84%-ია

574edfe252e06
BM.GE
01.06.16 17:14
2157
BSA-ს პროგრამული ალიანსის კვლევის შესაბამისად საქართველოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებელი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მაგრამ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს და არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებელი 90%-დან 84%-მდე შემცირდა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებობს კომპიუტერის მომხმარებლების მიერ არალიცენზირებული პროგრამების დაყენებისა და გამოყენების მაღალი მაჩვენებელი, რაც გამოიწვევს კიბერ-საფრთხეებთან დაკავშირებულ მაღალ რისკებს. მიმდინარე წლის კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ საქართველოში 2015 წელს კომპიუტერებზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის 84 პროცენტი არ არის სათანადოდ ლიცენზირებული. BSA–ს წინა გლობალური კვლევის მიხედვით ქვეყანაში აღინიშნება არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება 2010 წელს დაფიქსირებულ 90 პროცენტთან შედარებით. რეგიონის სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა მოლდოვა, პოლონეთი და სხვა, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებელი, 1-4% -იანი კლებაა დაფიქსირებული. ჩრდილოეთ ამერიკა კვლავ ინარჩუნებს ყველაზე დაბალ რეგიონულ მაჩვენებელს 17 პროცენტით. დასავლეთ ევროპაში საერთო მაჩვენებელი 28 პროცენტამდე შემცირდა. რაც შეეხება მსოფლიო მონაცემებს, წლევანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წელს მთელს მსოფლიოში კომპიუტერებზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის 39 პროცენტი არ არის სათანადოდ ლიცენზირებული, რაც BSA-ს წინა გლობალურ კვლევასთან შედარებით შემცირებულია 4 პროცენტით.

Microsoft–ის კიბერ–დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქალაქეთა 80%–მდე დაზარალდა კიბერ–დამნაშავეთა ქმედებების შედეგად, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე კომპანიების 97.5% წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც დამდგარა კიბერ საფრთხის წინაშე.

მეკობრეობასთან ბრძოლის მიზნით, Microsoft-ი რეკომენდაციას აძლევს მომხმარებლებს, რომ გამოიყენონ მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამული პროდუქტები, ჩაატარონ კორპორატიული უსაფრთხოების საფუძვლების რეგულარული ტრენინგი და ასევე გამოიყენონ მონაცემთა დაცვის სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. Microsoft-ი თვლის, რომ კომპანიების უმეტესობას შეუძლია შეამციროს კიბერ-უსაფრთხეობასთან დაკავშირებული რისკები, იმით რომ ჩაატარებენ საქართველოში ხელმისაწვდომ პროგრამული აქტივების მართვის (SAM) პროგრამებს.

„საფრთხის დონე იმ დამნაშავეთა მხრიდან, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ, მუდმივად იზრდება და ჩვენ ვხედავთ ძლიერ კავშირს კიბერ–შეტევებსა და არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას შორის. ყოველწლიურად იქმნება 300 მილიონზე მეტი ახალი ტიპის მავნე პროგრამა, რაც ნიშნავს დღეში დაახლოებით 1 მილიონი ახალი კიბერ–საფრთხეს - აცხადებს გიორგი შევარდნაძე, პროგრამული აქტივების მართვისა და შესაბამისობის სპეციალისტი - ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მომხმარებლებს, გამოიყენონ ეფექტური SAM პრაქტიკა და მიაწოდონ მეტი განათლება თანამშრომლებს, რათა ქართული კომპანიები გახდნენ უფრო რენტაბელური და უსაფრთხო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადებითი ტენდენცია მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ცდილობს მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები