მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის ბრძოლაა - კონგრესმენი ტერნერი

კონგრესმენი ტერნერი

ამერიკელი კონგრესმენის, მაიკ ტერნერის შეფასებით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის ბრძოლაა. მან ამის შესახებ American Enterprises Institute-ში საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

კონგრესმენის თქმით, თუ არჩევნების შედეგად ცვლილება იქნება, შეერთებულმა შტატებმა და დასავლელმა მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ ქართველი ხალხის მიზნებისა და მისწრაფებების შედეგს და იაქტიურონ, რათა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდეს.

"ვფიქრობ, ჩვენი ფოკუსირება უნდა იყოს იმაზე, თუ რა მოხდება ამ შაბათს [არჩევნებზე] და რა მოხდება ამის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ უნდა თქვას, რომ თუკი საქართველოში ხელისუფლებაში ახალი მიმართულება იქნება, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ამ მიმართულებას და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და რა თქმა უნდა, გვსურს ძლიერი ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლებიც თავს პროდასავლურად მიიჩნევს.

თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ნატოს მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ ღია და სამართლიან ტრანსფორმაციას",- თქვა კონგრესმენმა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო ქაოსში აღმოჩნდება, ეს სარგებელს რუსეთს მოუტანს.

მან გაიხსენა სენატორ შაჰინთან ერთად საქართველოში აგვისტოში განხორციელებული ვიზიტი და აღნიშნა, რომ პრემიერისგან ვერაფერი მოისმინეს ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით წვლილის შესახებ.

"აგვისტოში ვიყავი საქართველოში სენატორ შაჰინთან ერთან, და იქ იმისთვის ვიყავით, რომ გაგვეკეთებინა ორპარტიული, ორპალატიანი ვიზიტი ქვეყანაში, რათა იქ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყოს, გაძლიერდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები; რათა გვენახა რას აღიქვამს საქართველოს მთავრობა თავიანთ პასუხისმგებლობად, რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ურთიერთობების აღსადგენად, პრემიერ-მინისტრს არაფერი ჰქონდა სათქმელი იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უკეთეს ურთიერთობებში წვლილის შესატანად. ამიტომ, ვფიქრობ, იქ ნამდვილად არის საპირისპირო მიმართულების ქარი, რომელიც განსხვავებულია იმისგან თუ რას ხედავს მოსახლეობა. კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვუყურებთ საქართველოს, როგორც აშშ-ის გავლენას ან დასავლეთის გავლენას, როგორც მას რუსეთი ან ჩინეთი ხედავს. ჩვენ გვსურს ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესაძლებლობა, რისი მოპოვებაც დასავლეთში და ნატოში გაწევრიანებით შეუძლიათ. რუსეთისა და ჩინეთის მიზნებია, როგორც ეს ნათელი გახადეს, რომ ხალხი ამ ავტორიტარულ სფეროში იყოს, რაც ეწინააღმდეგება ხალხის მიერ დამოუკიდებლობის ძიებას",- თქვა მაიკ ტერნერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები