მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში აზიის ქვეყნებიდან გადმოვიდა რამდენიმე წარმოება, რაც DCFTA-ის ამოქმედების პირდაპირი შედეგია"

5788ec739b433
BM.GE
15.07.16 17:58
1549
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“ მოხსენებით წარდგა.

მინისტრმა მოხსენება გააკეთა თემატურ სესიაზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეს (DCFTA), მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და ეკონომიკურ გავლენას მიეძღვნა.

DCFTA-ზე საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაცრად გაწერილი სამოქმედო გეგმა იმ რეფორმებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ბევრი მიმართულებით, მათ შორის არის ვაჭრობა, ექსპორტის ხელშეწყობა, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის რეფორმა და სხვა. მინისტრის შეფასებით, ყოველივე მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყოს ქვეყნის განვითარებას და რაც მთავარია, ყველა ეს პოზიტიური პროცესი აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ბიზნესს გაუჩნდა DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, მათ შორის, საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების თვალსაზრისით. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც იყიდება ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე. მისი თქმით, ბოლო წლებში იზრდება სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან. იმ დროს, როდესაც საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში დსთ-ს წილი მცირდება, იზრდება ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებელი, რომელმაც 30 პროცენტს მიაღწია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, DCFTA-ის ამოქმედებამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიცია საქართველოს ბაზარზე. მისი ინფორმაციით, საქართველოში აზიის ქვეყნებიდან გადმოვიდა რამდენიმე წარმოება, რაც DCFTA-ის ამოქმედების პირდაპირი შედეგია. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე, რომლებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებში. მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ პროგრამებს, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები