საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი ერთი ერთეულით შემცირდა. ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც 2016 წლის მესამე კვარტალს მოიცავს, ჯამში 74 დიდი და 227 მცირე და საშუალო კომპანიის წარმომადგენელი გამოიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის ნდობის ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია, ის კვლავ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირებით.
გამოკითხული ბიზნესმენების 38% მიიჩნევს, რომ გასული სამი თვის განმავლობაში მათი ბიზნესის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც გამოიწვია მიმდინარე ინდექსის შესამჩნევი ზრდა 30,4 პროცენტულ პუნქტამდე. ყველაზე მეტად ზრდა სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა.
ბიზნესის ოპტიმიზმი დაეცა 12,7 პროცენტული პუნქტით 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. გამოკითხული ბიზნესის უმეტესობა არ ელოდება ცვლილებას საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობაში და ასევე გამოკითხულთა 25% მომავალში ელის ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებას. მოლოდინების ინდექსი ზაფხულის სეზონის მიწურულს შემცირდა ყველა სექტორში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი შემცირდა 0,2 პროცენტული პუნქტით და იგივე ინდექსი მომსახურების სექტორში უარყოფით მაჩვენებელს დაუბრუნდა.

























