მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 80 000 ადამიანი განიკურნა - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი

62b6cb510bb03
BM.GE
25.06.22 12:42
852
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაახლოებით 80 000 ადამიანი განიკურნა.

იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, რომ 2015 წელს დაწყებული პროგრამა დიდი წარმატებით სრულდება.

„ქვეყანაში C ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. პროგრამის დასრულება და შესაბამისად ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია 2025 წლისთვისაა დაგეგმილი“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ლონდონში, 22-26 ივნისს იმართება, ცენტრის მხრიდან მიღებულია სამი პოსტერ-მოხსენება, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკვანძო საკითხებს ეხება. მოხსენებებში განხილულია პროგრამის მკურნალობის კომპონენტის ხუთი წლის შედეგების შეჯამება, C ჰეპატიტის მკურნალობის იმპლემენტაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ.

„პოსტერ-მოხსენებები წარდგენილი იყო ა.წ. 23 და 24 ივნისს შერჩეული მოხსენებებისათვის მოწყობილ პოსტერ-ტურზე ცენტრის წამყვანი თანამშრომლის, პროფესორი აკაკი აბუთიძის მიერ. მოხსენებებმა კონგრესის მონაწილეებისა და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.
სიმბოლურია, რომ ეს კონგრესი ტარდება იმავე ქალაქში და იმავე კონგრეს-ცენტრში, სადაც 8 წლის წინ 2014 წლის აპრილში ჩვენ პირველად მოვახსენეთ საქართველოს ინიციატივის შესახებ C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით და სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გამხდარიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში მსოფლიოში პირველი, სამოდელო ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები