მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჩამოსვლისას ოზთურქის კრიმინალური წარსული ალკაპონეზე ვრცელი იყო - ფადი ასლი

62a07e8d4c2ab
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.22 09:45
9099
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ BMG-ისთან “მეტრო ჰოლდინგის” დამფუძნებლის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როდესაც ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო ოზთურქის კრიმინალური წარსული ვრცელი იყო.

ფადი ასლი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის მინიჭების ფაქტი საკვირველია, მაშინ როდესაც არაერთი პატიოსანი უცხოელი ინვესტორი არათუ მოქალაქეობის, ბინადრობის უფლებასაც ვერ იღებს.

“როცა ეს ჯენტლმენი საქართველოში ჩამოვიდა, მისი კრიმინალური წარსული ალკაპონეზე ვრცელი იყო. მას ეძებდნენ თურქეთში და მისჯილი ჰქონდა უვადო პატიმრობა. მანამდეც, სასამართლოსთან ჰქონდა 5-6-ჯერ საქმე გადასახადების დამალვის თუ სხვა ბრალდებების გამო. ის ჩამოვიდა საქართველოში და მთავრობამ ის დაიცვა – არა მხოლოდ დაიცვა, არამედ საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭა.

დღეს ქარის მიმართულება შეიცვალა, ამიტომაც ნარკოტიკი უპოვეს. პოლიტიკური ამბავია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოზთურქი უთეთრესი ბიზნესმენი იყო – სიმართლე გითხრათ, საქართველოში ბიზნესის წარმოების ნება რომ დართეს და მოქალაქეობაც მისცეს თავის დროზე, ეს უფრო მეტად მაკვირვებს. მაშინ, როცა ბევრად უკეთესი და პატიოსანი ბიზნესმენები ვერ იღებენ ბინადრობის უფლებას,” - განაცხადა ფადი ასლმა.

სწორედ ინვესტორებისთვის ბინადრობის უფლების ჩამორთმევის საკითხის განხილვას ითხოვდა ICC ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, თუმცა ფადი ასლის განცხადებით, საბჭოს სხდომის დღის წესრიგიდან ეს საკითხი ამოიღეს, ამიტომაც ICC-იმ მთავრობასთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე უარი თქვა.

რაც შეეხება გალიფ ოზთურქს, 2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები