ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს. როგორც მანდ დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მათ საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოძიება მოითხოვეს.
"საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს სამართლიანად და თავისუფლად არ მივიჩნევთ. ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის გამოძიებასა და ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე ესეც რაღაცის მანიშნებელია. თუ არ სურთ ჩვენ ვიცოდეთ რა მოხდა მაშინ საქართველოს განცხადებები რომ კვლავ ევროპულ გზაზე არიან, მოჩვენებითია", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მისივე თქმით, ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოს მიმართ სანქციების საკითხზე კონსენსუსის მიღწევა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი განიხილავს 100 მლნ ევროზე მეტი დაფინანსების შეჩერებას და ამ თანხის მიცემას მთავრობის ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
"ევროპამ თქვენი დახმარებით ასევე უნდა გასცეს კითხვას პასუხი თავად ევროპა ხომ არ არის იზოლირებული, რატომ არ შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი საქართველოსთვის, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს. შესაძლოა თავად ევროპაც თავის თავში იკეტება და ამ პროცესმა თუ პროგრესი განიცადა მაშინ ძალიან საშიში იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვის, უკრაინისთვის და თავად ევროპისთვისაც", - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.