რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის მიმართულებით უვიზო მიმოსვლას შეძლებენ, კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში.
გასული წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის მოხსნა. გადაწყვეტილების ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ ჩინურენოვანი გიდი და საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტურისტულ ნაკადებზე არსებითი გავლენა არ ჰქონია. მისი განმარტებით, ჩინეთის სხვადასხვა დიდი ქალაქებიდან პირდაპირი ფრენების დამატებაა აუცილებელი, რომ მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა მოხდეს. ამასთან ბებია აცხადებს, რომ გასაზრდელია არსებული სიხშირეებიც.
“აუცილებელი ფაქტორია პირდაპირი ფრენების აღდგენა, მაგალითად თბილისი-პეკინი და ასევე სამხრეთით კიდევ რომელიმე დიდ ქალაქში, იმისთვის, რომ მარტივად მოხდეს ქვეყანაში შემოსვლა თუ გასვლა. ახლა რთული ვითარებაა, იმიტომ რომ გვიწევს თბილისი-ურუმჩის რეისით სარგებლობა, ეს არის ყაზახეთის მოსაზღვრე სინძიანის პროვინცია და შემდეგ დამატებითი ფრენებია საჭირო, ამიტომ ამ გადადგმულმა ნაბიჯმა რომ ეფექტიანად იმუშაოს აუცილებელია პირდაპირი ფრენების დანიშვნა.”-ამბობს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია.
პირდაპირი ფრენებისა და სიხშირეების ნაკლებობასთან ერთად გამოწვევებია თავად ტურისტული მომსახურების თვალსაზრისითაც. საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია ამბობს, რომ საქართველოს ტურისტული სექტორი ნაკლებად არის მზად ჩინეთიდან დიდი რაოდენობით ტურისტების მისაღებად, რადგან მისი თქმით, ესაა სეგმენტი, რომელიც ჩინური ენის გარდა გამართულად ვერცერთ ენაზე საუბრობს. საქართველოში კი ჩინურენოვანი გიდების ნაკლებობაა.
“გიდების ნაწილში სიტუაცია რთულია. ჩინეთი არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სხვა ენა არ იცის. ჩინელები საერთაშორისო ენებს არ ფლობენ. უმთავრესი და მწვავე პრობლემა არის ჩინურ ენოვანი გიდების სიმცირეა. აუცილებელია გადამზადება, ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ჩინეთიდან მაღალბიუჯეტიანი ტურისტი, რომელსაც სჭირდება სერვისი, რაშიც ფულს გადაიხდის, ამიტომ სერვისების გაუმჯობესებაც მნიშვნელოვანია.”-აცხადებს ელზა ბებია.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, მას შემდეგ რაც ჩინელი ვიზიტორებისთვის საქართველომ სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოს 15 290 ჩინელი ტურისტი ესტუმრა, ეს რიცხვი კი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.