მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი 111%-ით გაიზარდა

ჩინური ელექტრომობილები Chinese Evs

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა - აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $27 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია. აღნიშნული მატებით, ჩინეთმა საქართველოს 2-მილიარდიან ავტოიმპორტის სექტორში მეექვსე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩინეთს საქართველოს ავტოიმპორტის რეიტინგში მე-11 ადგილი ეკავა.

საქსტატის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში სულ 1,797 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საშუალო ფასმაც 15.4 ათასი დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის თანახმად, ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილებიდან 568 ელექტრომობილი იყო, რომელთა ღირებულებამაც 14.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, ჩინეთი საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის მეორე მოთამაშეა აშშ-ის შემდეგ, საიდანაც 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 1,429 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჩინეთთან ავტო-ვაჭრობის კავშირების დაახლოების მიზნით ქუთაისში ავტობაზრობის შექმნაც განიხილება, რის შესახებაც საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა 2024 წლის მაისში განაცხადა.

„ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება, ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. ჩინური კომპანიების კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს,"- განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები