პროექტ "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ქვეყანას ჩინეთის კინოწარმოების ჯგუფი ეწვევა და ივნისში ჩინური სერიალის გადაღება იწყება.
კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის დავით ვაშაძის განცხადებით, "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ყველაზე დიდი ინტერესი ბოლო 2 წლის მანძილზე ინდოეთიდან იყო, ეს არის ბოლივუდი და სამხრეთ ინდოეთი, თუმცა, პროექტის ფარგლებში, გადაღებები როგორც ამერიკული ასევე ევროპულ-ქართულ პროდუქციებზეც მიმდინარეობდა. ბოლო ეტაპზე კი დაინტერესება ჩინეთიდან მოდის და საქართველოში პირველი ჩინური სერიალის გადაღება იწყება.
"უახლოეს მომავალში ინდოეთს, დიდი ალბათობით ჩინეთი ჩაანაცვლებს. ჩვენი მთავარი მიზანიც, რომლისკენაც ამდენი ხნის მანძილზე მივდივართ, არის ჰოლივუდური წარმოება. ამ ეტაპზე ჰოლივუდთან რამდენიმე პროექტზე მიდის საუბარი. რაც შეეხება ჩინეთს, ეს არის ყველაზე მზარდი კინო ინდუსტრია, არის უკვე პირველი სერიალი, რომლის გადაღებებიც ჩინეთში დაწყებულია და ივნისიდან უკვე საქართველოში განაგრძობენ მომდევნო სეზონების გადაღებას. ჯერჯერობით როგორც ცნობილია არჩეულია ლოკაციებად თბილისი და ბათუმი", - დავით ვაშაძემ BM.ge - სთან საუბრისას განცხადა.
2016 წლიდან საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისების პროექტი "გადაიღე საქართველოში" დაიწყო, რომლის ფარგლებში ევროპისა და აზიის კინომწარმოებლებმა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე პროექტი განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში 15 განაცხადია შესული, აქედან 9 ფილმზე გადაღებები დასრულებულია, დანარჩენი 6-ზე კი ახლა მიმდინარეობს.

























