საქართველოში ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების წარმოება დაიწყება, რომელიც ბაზარზე ,,კულას“ ბრენდით გაიყიდება, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, საწარმოს გახსნა 2019 წელს, გორში იგეგმება, რომელიც საბავშვო წვენებს და ხილფაფებს გამოუშვებს, პროდუქცია 3 თვის ასაკიდან ჩვილებისთის იქნება განკუთვნილი.
"გვინდა წარმოება 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დავიწყოთ, ამჟამად მიმდინარეოს დათვლა, თუ რა მოცულობის ინვესტიცია დაგვჭირდება, რაც მიმდინარე წლის ივნისში უკვე გვეცოდინება. ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილ წვენებს და ხილფაფებს ნატურალური ნედლეულით დავამზადებთ, ჩვენ გვაქვს ხილის ბაღები გორის რაიონში, რაც 50 ჰექტარზეა გაშენებული: ეს არის ალუბალი, ქლიავი, ჟოლო, ტყემალი და ვგეგმავთ კიდევ ახალი სახეობების დამატებას. ვგეგმავთ, პროდუქცია თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე გავყიდოთ, რადგან საექსპორტო ბაზარზე დიდი კონკურენციაა.
საქართველოში ძირითადად ყველა ცდილობს იაფიანი პროდუქცია შემოიტანოს, ხოლო თუ კარგი და ხარისხიანი შემოაქვთ, ის ძვირია, ჩვენ იგივე ხარისხის პროდუქციას უფრო იაფად შევთავაზებთ მომხმარებელს", - განაცხადა ვანო გოგლიძემ.