დასაქმების მიზნით პროფესიული განათლების დონის კვალიფიციური პერსონალის მოძიების ყველაზე გავრცელებული გზა ახლობლები/პირადი კონტაქტებია, რომელსაც მიმართავს გამოკითხულების 60%-ზე მეტი, - აღნიშნულის შესახებ დამსაქმებელთა დამოკიდებულების კვლევა პროფესიული სასწავლებლების მიმართ აჩვენებს, რომელიც ACT-იმ ჩაატარა.
ასევე გამოკითხულების 44% შესაბამისი კადრის მოსაძიებლად ინტერნეტ გვერდზე განათავსებს განცხადებას. პროფესიულ სასწავლებლებთან პირდაპირი ურთიერთობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პრაქტიკულად, არ განიხილება, როგორ საშუალება პროფესიული განათლების მქონე კადრის დასასაქმებლად.
კერძოდ, კვლევის მიხედვით, პროფესიული განათლების დონის კვალიფიციურ პერსონალის დასაქმების მიზნით ახლობლებსა და პირად კონტაქტებს გამოკითხულთა 62% მიმართავს, ინტერნეტ ვებ-გვერდზე განცხადების განთავსებას გამოკითხულთა 44% მიმართავს, ჟურნალ-გაზეთების, ტელევიზიის ან რადიოს მეშვეობით, 6%, 4% ამბობს, რომ ურთიერთობს პროფესიულ სასწავლებლებთან.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების პოტენციურმა დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა. კვლევის ფარგლებში სულ 279 ორგანიზაცია გამოიკითხა.
ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული ორგანიზაციების 86%-ს აქვს გარკვეული ინფორმაცია საქართველოში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებზე. მათ შორის, 21% აღნიშნავს, რომ კარგად იცნობს პროფესიულ სასწავლებლებს. ისეთი რესპონდენტების რიცხვი, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია საქართველოში მოქმედი პროფესიული სასწავლებლების შესახებ, არ აღემატება 14%-ს.

























