მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დამზადებული საგზაო ნიშნები ექსპორტზე სომხეთსა და უკრაინაში გადის

5c76ac176337f
მარიამ ადამია
28.02.19 09:37
3943
საქართველოში დამზადებული საგზაო ნიშნები ექსპორტზე სომხეთსა და უკრაინაში გადის.

ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოში საგზაო ნიშნების მწარმოებელი კომპანია „გზაჯვარედინის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გაბელაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კომპანია საექსპორტო ბაზრის გაფართოების მიზნით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთანაც აწარმოებს.

„ევროპაში ექსპორტის დაწყებას, ჯერჯერობით, არ ვგეგმავთ, რადგან ტრანსპორტირება აძვირებს თვითღირებულებას და შესაბამისად, რთულია ადგილობრივი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა“, - განაცხადა გაბელაიამ.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელსაც „გზაჯვარედინი“ ადგილობრივ ბაზარზე აწყდება, ნიკა გაბელაია სატენდერო დოკუმენტაციებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „ტენდერებში საპროექტო დოკუმენტაცია დაბალკვალიფიციურია და ხარჯთაღრიცხვაც მოიკოჭლებს“.

„ტენდერებში ტექნიკური დავალებები ცუდად არის შესრულებული, რაც კონკურენტებს საშუალებას აძლევს, იაფად მიაწოდონ დაბალი ხარისხის პროდუქცია.

მუნიციპალიტეტებს ამის გარჩევა უჭირთ და საბოლოოდ, ტენდერში იგებს ისეთი კომპანია, რომელიც ნაკლებად ხარისხიან პროდუქციას აწარმოებს. ამ მიმართულებით თბილისში უკეთესი მდგომარეობაა და საგზაო დეპარტამენტში სპეციალური კადრიც ჰყავთ იმისთვის აყვანილი“, - აღნიშნა კომპანია „გზაჯვარედინის“ დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, საქართველოში მოშლილია საგზაო უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და ბევრია გასაკეთებელი, ამიტომაც დიდია მოთხოვნა, როგორც საგზაო ნიშნებზე, ასევე - მონიშვნის სამუშაოებზეც.

„საგზაო ინფრასტრუქტურა შედარებით მოწესრიგებულია თბილისში. რეგიონებში კი, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია, თუმცა ახლა „იღვიძებენ“ მუნიციპალიტეტები და ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება; შესაბამისად, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა და დაინტერესება იზრდება“, - განაცხადა გაბელაიამ.

ცნობისთვის: „გზაჯვარედინში“ ამჟამად კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია სამომავლოდ გაფართოებასაც აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები