მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა და ადგილი აქვს დემოკრატიულ უკუსვლას. კერძოდ, ხაზგასმულია საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალოვნების მიერ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები, დაუსჯელობის გარემო, უსაფუძვლო დაკავებები და რეპრესიული კანონმდებლობის უარყოფითი გავლენა გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე.
"ადამიანის უფლებები სერიოზულად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებისა და კანონების შედეგად, რომლებიც ხელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს.
2025 წელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების არასათანადო მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული და რიგ შემთხვევებში წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა. არც ერთი დამნაშავე პასუხისგებაში არ მიცემულა, რამაც დაუსჯელობის გარემოს შექმნას შეუწყო ხელი",- წერია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ანგარიშში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ფართოდ გავრცელდა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და თვითნებური დაკავების შემთხვევები.
"საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რომლებიც სერიოზულად ძირს უთხრის დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებასა და პროცესებს და ფაქტობრივად გააუქმა მოქალაქეთა მონაწილეობისა და ძალაუფლების ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების სისტემა",- წერია შეფასებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შეებრუნებინა დემოკრატიული უკუსვლის პროცესი, გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა და განეხორციელებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებთან და კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ ყოფილა, რაც განპირობებული იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებითა და მისი სერიოზული მასშტაბით.
"ევროკავშირი აგრძელებდა ორმხრივი კონტაქტების დონის შემცირებას. ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგი 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ გამართულა",- აღნიშნულია დოკუმენტში.
ერთი ნაწილი ეთმობა ევროკავშირის ფინანსურ ჩართულობას. მასში ნათქვამია, რომ გაგრძელებული დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, ევროკავშირმა 2025 წელსაც შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი სარგებლის მომტანი ფინანსური დახმარება. სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, 2024 წლის ოქტომბრიდან 24 მილიონი ევრო გამოიყო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის NDICI-ის ფარგლებში, როგორც ორმხრივი, ისე თემატური დაფინანსების სახით. მიმდინარე მხარდაჭერა ძირითადად მოიცავდა მიზნობრივ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით:
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (CSO) და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა;
- მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები;
- გენდერული თანასწორობა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები;
- ბავშვთა უფლებები;
- ლგბტი პირების უფლებები;
- ნდობის აღდგენის ხელშეწყობა;
- დეზინფორმაციის, უცხოური ჩარევისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ევროკავშირი ასევე აგრძელებდა სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერას, მისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველები, ასევე სარგებლობდა გაზრდილი მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული მექანიზმის ფარგლებში. 2025–2027 წლებისთვის ამ მიმართულებით 10 მილიონი ევრო გამოიყო. დამატებით, ხორციელდებოდა რეგიონული პროგრამები ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად.
გაგრძელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამა „კარგი მმართველობისთვის პარტნიორობა“ (Partnership for Good Governance — PGG III), თუმცა შემცირებული აქტივობებით და ძირითადად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირებით.
საქართველო ასევე აგრძელებდა სარგებლობას ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტით, რომელსაც ახორციელებს ევროპული კომისია მართლმსაჯულების ეფექტიანობისთვის (CEPEJ) და რომლის მიზანია საქართველოში სასამართლოების მართვის სისტემის მოდერნიზაციის მხარდაჭერა.
ანგარიშში საქართველოზე წერია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება არასათანადოა. ამჟამად მინისტრთა კომიტეტის მიერ გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ 45 საქმეა.
"საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია, რაც საშუალებას მისცემდა მას 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი და ეფექტიანი მონიტორინგი განეხორციელებინა. ამასთან, საქართველომ ვერ შეასრულა წინა არჩევნებთან დაკავშირებით OSCE/ODIHR-ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიდან არც ერთი. საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) არჩეულ წევრად 2025 წლის ბოლომდე რჩებოდა. ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მანდატის მქონე ექსპერტებმა საქართველოს მოუწოდეს, გამოეძიებინა დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები. საერთაშორისო ფორუმებზე თანამშრომლობა, ზოგადად, კვლავ კარგ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა საქართველომ ზოგიერთ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ან მათთან საკუთარი პოზიცია არ შეუსაბამა",- წერია ანგარიშში.

























