მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ძალიან ცოტა ჟოლოს ბაღია გადარჩენილი - Agrostore

ბრ

Agrostore-ის დირექტორმა, ზურაბ ალავიძემ BMG-სთან კენკროვანი კულტურების წარმოებასა და ექსპორტზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ცოტა ჟოლოს ბაღია დარჩენილი, რომლის პროდუქტიც ბაზარზე იყიდება. 

"საქართველოში ძალიან ცოტა ჟოლოს ბაღია გადარჩენილი. კახეთში ჟოლოსა და მაყვლის თითზეჩამოსათვლელი მეურნეობებია დარჩენილი, რომლებიც ამ საქმეს ბიზნესურად უდგებიან, არ მაქვს საუბარი პირადი მოხმარებისთვის გაშენებულ ბაღებზე...

ჩვენ, ვინც შემოვრჩით, გვაქვს შვეიცარიული და იტალიური ჯიშები, რომლებიც ადგილობრივ ჟოლოსთან შედარებით უფრო ხარისხიანია და ისგან ხემსიც ძალიან კარგი გამოდის“, - ამბობს ზურაბ ალავიძე.

რაც შეეხება "ჟოლოს ხემსის" გეგმებს, რომელიც კენკრის მწარმოებელი მეურნეობების Agrostore "სიამო"-სა და P&K Berries-ის თანამშრომლობით ქართულ ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა, საექპორტო ბაზრებისთვის ემზადება. 

„ჩვენი ძირითადი ფოკუსი ექსპორტია, იმ ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქტს უკვე იცნობენ. მაგრამ საქართველოშიც აუცილებლად შევიტანთ რამდენიმე სუპერმარკეტში, რათა მომხმარებლები გაეცნონ მას. დაინტერესება არის ჰორეკა სექტორის ობიექტებიდანაც“.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ფასს, Agrostore-ის დირექტორის განმარტებით, კილოგრამის ფასი 260 ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა პროდუქტი 10-20 გრამიანი შეფუთვებით გაიყიდება.

საექსპორტო ბაზრებიდან კომპანიამ აშშ-ის ათვისება უკვე დაიწყო. ზურაბ ალავიძის თქმით, ნიმუში რამდენიმე ქვეყანაში უკვე გაგზავნილია.

„ამერიკაში ძალიან მოეწონათ ჩვენი ხემსი და უკვე დავიწყეთ მომლაპარაკებები 2024 წლისთვის. ლატვიასა და ესპანეთშიც ვგზავნით ნიმუშს. ისეთი პროდუქტია, აუცილებლად კარგად გაიყიდება, უბრალოდ საქართველოდან ექსპორტი მარტივი არ არის...“ - აღნიშნავს „სიამოს“ თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანიებს ახალი ხემსის შესაქმნელად დამატებით ინვესტიცია არ განუხორციელებიათ. Agrostore-ისა და P&K Berries-ის მიერ კენკროვან მეურნეობაში ჩადებული საერთო საინვესტიციო მოცულობა კი 2 მლნ ლარს აღწევს, საიდანაც ნაწილი აგრო სესხებზე, ნაწილი კი დამფუძნებლების პირად ინვესტიციაზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები