ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა. აფხაზეთის რეგიონის მხრიდან შენარჩუნებულია ზრდის დაბალი ტემპი - 2016 წლის მაისში მოხმარება გაიზარდა მხოლოდ 1.0%-ით წ/წ, თუმცა აღსანიშნავია 2015 წლის მაისის მაღალი ბაზა (+31.5% წ/წ). GALT&Tagart-ის ინფორმაციით, აფხაზეთის რეგიონის მოხმარებას თუ გამოვრიცხავთ, 2016 წლის მაისში ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში წლიური 6.2%-ით არის გაზრდილი. მოხმარების ზრდა კონცენტრირებულია თბილისსა და მის შემოგარენზე (+11.6% წ/წ). ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების მოხმარება წლიური 3.6%-ით, ხოლო კახეთის ენერგოდისტრიბუციის აბონენტთა მოხმარება წლიური 1.4%-ით არის გაზრდილი. ჯორჯიან მანგანეზის, ყველაზე მსხვილი პირდაპირი მომხმარებლის, მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა და ქვეყნის მოხმარების 12.5% შეადგინა. 2016 წლის მაისში გაიზარდა ელექტროენერგიის ექსპორტიც (+32.0% წ/წ). ექსპორტირებული 189.9 გვტ/სთ-დან 81.7 გვტ/სთ (43.0%) რუსეთისკენ იყო მიმართული, 61.0 გვტ/სთ (32.1%) თურქეთისკენ, 45.2 გვტ/სთ (23.8%) კი სომხეთისკენ. საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო საექსპორტო ფასი 3.3 აშშ ცენტი იყო კვტ/სთ-ზე, რაც თურქეთის საბაზრო ფასზე (4.2 აშშ ცენტი კვტ/სთ-ზე) ბევრად დაბალია და კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს.

























