მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ელევატორების რაოდენობა შემცირდა, თუმცა შენახული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა

ელევატორები

2025 წლის მონაცემებით, საქართველოში 36 ელევატორი ფუნქციონირებდა, მაშინ როცა 2024 წელს მათმა რაოდენობამ 39 შეადგინა. მიუხედავად შემცირებისა, ელევატორებში შენახული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა და 464.5 ათასი ტონიდან 500.8 ათას ტონამდე ავიდა, რაც 8%-მდე ზრდას უდრის.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ელევატორებში შენახული პროდუქციის 62% ხორბალს უკავია, რაც პრაქტიკულად უცვლელად რჩება და სექტორის მთავარ მიმართულებად განიხილება. შეცვლილია ელევატორების რეგიონული განაწილებაც. თუ 2024 წელს ქვემო ქართლი (25.6%) და კახეთი (23.1%) ლიდერობდა, 2025 წელს კახეთის წილი შემცირდა, ხოლო ქვემო ქართლი კვლავ პირველ ადგილზე დარჩა 36.1%-ით. გაიზარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის წილიც, რომელმაც 19.4% შეადგინა.

ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა პროდუქციის შესყიდვის ჯაჭვში - მწარმოებლებისა და გადამყიდველების რაოდენობა 118-დან 75-მდე შემცირდა, რაც 36%-იან კლებას ნიშნავს. ამავე პერიოდში, მცირედით შემცირდა ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა - 441-დან 425 ადამიანამდე.

საინტერესო ცვლილება ფიქსირდება გაყიდვების მაჩვენებლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული პროდუქციის მოცულობა თითქმის უცვლელია და მცირედითაც კი შემცირდა, 280.1 ათასი ტონიდან 275.9 ათას ტონამდე. უფრო მკვეთრი კლება ჩანს ღირებულებაში. გაყიდვების ჯამური მოცულობა 326.3 მლნ ლარიდან 293.4 მლნ ლარამდე შემცირდა.

თუმცა ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ადგილობრივი წარმოების წილში ჩანს. თუ 2024 წელს გაყიდვებში ადგილობრივი პროდუქცია 32.9%-ს შეადგენდა, 2025 წელს მისი წილი მკვეთრად გაიზარდა და 54.3%-მდე ავიდა, რაც ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის მნიშვნელობის ზრდაზე მიუთითებს.

ტექნოლოგიური აღჭურვილობის მიმართულებით სურათი შედარებით შერეულია: სრულად თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ელევატორების წილი 46.2%-დან 41.7%-მდე შემცირდა, თუმცა ნაწილობრივ აღჭურვილი ობიექტების რაოდენობა გაიზარდა. ამასთან, სესხების გამოყენების მხრივაც მცირე ცვლილებაა - სესხით მოსარგებლე ელევატორების წილი 41.0%-დან 38.9%-მდე შემცირდა. ამასთან, უცვლელად რჩება მთავარი ტენდენცია: სესხების უდიდესი ნაწილი კვლავ საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას ხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები