მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 2022 წელს 1 453.8 ლარი იყო

646f256fc61ed
მარიამ ვარადაშვილი
25.05.23 13:42
2343
2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა [ფულადი და არაფულადი სახსრების] 17%-ით გაიზარდა.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობამ 1 596.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3%-ით მეტია.

საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19%-ით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6%-ით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9% შეადგინა.

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 15%-ით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4 პროცენტით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი იყო.

2022 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46% შეადგინა. ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4 პროცენტს უტოლდება. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 პროცენტი შეადგინა.

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 551.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.3%-ით მეტია.

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯები ქალაქის ტიპის დასახლებებში 19.2%-ით გაიზარდა და 951.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 22.2%-ით გაიზარდა და 600.4 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები