ესთეტიკური მედიცინის შესახებ ცნობადობის ამაღლება, პაციენტთა და პროფესიონალთა უფლებების დაცვა, დარგში სანდო ინფორმაციების გაცვლა - ეს არის „ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის“ მიზანი, რომელიც საქართველოში სულ ახლახან დაფუძნდა.
როგორც „ქალების ნარატივში“ “ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის - GAIA” დამფუძნებელმა, თაკო ლოლუამ განაცხადა, GAIA -ში ამ ეტაპზე 70 წევრია გაერთიანებული.
“ესთეტიკური მედიცინა ბოლო წლებია ელვის სისწრაფით განვითარდა და გაჩნდა ბევრი კითხვებიც,შენიშვნებიც და კრიტიკაც. წელიწადნახევარი ვისხედით და ვფიქრობდით რა კონცეფცია უნდა შეგვემუშავებინა იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო ამ სფეროში, როგორ უნდა ყოფილიყო პაციენტიც და ექიმიც თანაბარ მდგომარეობაში. ასე დაფუძნდა GAIA – „ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია.
ასოციაციას ჰყავს დამფუძნებლები და იქნება საბჭო. საბჭოში იქნებიან არამხოლოდ ამ დარგის სპეციალისტები, არამედ მომიჯნავე დარგის სპეციალისტები. საბჭო მიიღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, აირჩევს პრეზიდენტს 2 წლის ვადით. პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში ასოციაციის მესიჯები უნდა შეასრულოს. ამის გარდა გვეყოლება საპატიო წევრები, ექსპერტები უცხოეთიდან. მათი რეკომენდაციებით შემოვა ახალი პროტოკოლები. ეს ყველაფერი კი კეთდება პაციენტებისთვის, მათი უსაფრთხოებისთვის.“ - აღნიშნა თაკო ლოლუამ და დასძინა, რომ „ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია“ 3 თვის წინ დაფუძნდა და ამ ეტაპზე 70 წევრია გაერთიანებული.
მისივე თქმით, „ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციას“ მკაცრად გაწერილი გეგმა აქვს და GAIA-ს მუშაობის მკაფიო შედეგებს უკვე სექტემბრისთვის ელოდებიან.