მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ბაზა შეიქმნება

ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება. ეს „იარაღის შესახებ“კანონში ცვლილებების პაკეტის ნაწილია, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო.

კერძოდ, "ფსიქიკური ჯანმრთელობის" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც მოცემული იქნება სრულყოფილი და სანდო მონაცემები.

"ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან",- წერია დოკუმენტში.

ცვლილებებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იფუნქციონირებს სანდო მონაცემების მქონე ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც განთავსდება მონაცემები, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა შესახებ.

2026 წლის 1 მარტამდე სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ბაზაში მონაცემების შეტანის კრიტერიუმების შემუშავება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან მოპოვება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები