"თიბისი კაპიტალის" ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ღვინის უდიდესი რაოდენობა 30 ლარამდე კატეგორიაშია.
2025 წელს მხოლოდ 3% გაიყიდა უფრო მაღალი საფასო კატეგორიიდან. ამასთან, შედარებით მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოების გაყიდვები ზომიერი ტემპით იზრდება - განსაკუთრებით 71–120 ლარის დიაპაზონში.
ღვინის ადგილობრივი ბაზრის შესასწავლად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 16 ღვინის კომპანია, რომლებიც საერთო ბაზრის ბრუნვის დაახლოებით ნახევარს მოიცავს. მათ ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით 2024 წელს შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაცია დაახლოებით 7.3 მილიონ ბოთლს გაუტოლდა.
"გაყიდვები მკვეთრად ფასზე ორიენტირებული რჩება: მოცულობების 98–99% 30 ლარამდე ფასის კატეგორიაში ვარდება. მოხმარების სტრუქტურაში დომინირებს წითელი და თეთრი ღვინოები, ხოლო როზე კვლავ მეორეხარისხოვან როლს ინარჩუნებს. გაყიდვების ძირითადი არხები სუპერმარკეტებია, რასაც HoReCa სექტორი მოჰყვება",- აღნიშნულია კვლევაში.

ადგილობრივ ბაზარზე ღვინისა საშუალო ფასები ყველა კატეგორიაში სტაბილურად იზრდება და 2025 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიეს. ყველაზე სწრაფად მზარდი კი წითელი ღვინის ფასია.

მიმოხილვის მიხედვით, საპირისპიროდ, ცქრიალა ღვინის სეგმენტში 2024 წლიდან საშუალო ფასების შემცირება ფიქსირდება და 2025 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს, 7.1 ლარს მიაღწია. ეს კი კონკურენციის გაძლიერებასა და პრემიუმ სეგმენტის სუსტ განვითარებაზე მიუთითებს. გაყიდვები ძირითადად კონცენტრირებულია პირდაპირ და HoReCa არხებში.





























