მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმა შეჩერებულია, SOCAR-ი კი, დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს - Energy Community

გაზი

საქართველოს გაზის ბაზრის რეფორმა შეჩერებულია, „სოკარი“ კი დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს – ამის შესახებ საუბარია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების 2025 წლის ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ კრიტიკულ ჩამორჩენასა და ფაქტობრივად, შეჩერებულ რეფორმებზე მიუთითებს.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის გაზის ბაზარი კვლავ ფუნქციონირებს ძველი, არაკონკურენტული მოდელით, სადაც ერთი მოთამაშე დომინირებს, ხოლო ევროპული სტანდარტების დასანერგად აუცილებელი კანონმდებლობის ამოქმედება ჭიანურდება.

ენერგეტიკული გაერთიანების თანახმად საქართველოს გაზის სექტორში სხვადასხვა პრობლემებია:

1. ბაზარი, რომელიც არ არსებობს:

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ფორმალურად დაამტკიცა ბაზრის ახალი კონცეფცია, რეალურად საბითუმო ვაჭრობა კვლავ „ექსკლუზიურად ორმხრივი ხელშეკრულებებით“ მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს თავისუფალი, ბირჟაზე დაფუძნებული ვაჭრობა, სადაც ფასი კონკურენციის პირობებში დგინდება. ბაზარზე კვლავ „სოკართან დაკავშირებული კომპანიები“ ინარჩუნებენ დომინანტურ პოზიციას, რაც გამორიცხავს ჯანსაღ კონკურენციას.

2. დარღვევა:

ანგარიშის თანახმად, საქართველომ დაარღვია ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულება. კერძოდ, სემეკ-მა საბალანსო ბაზრის ამოქმედება 2026 წლის 1 იანვრამდე გადაავადა, მაშინ როცა ამის კანონიერი ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოიწურა. „ეს წარმოადგენს შეუსაბამობას“, – ნათქვამია დოკუმენტში. ანალოგიურად, გადავადებულია საცალო ბაზრის წესების ამოქმედებაც.

3. გაჭიანურებული „გამიჯვნა“ (Unbundling):

ევროპული ბაზრის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – გაზის ტრანსპორტირებისა და მიწოდების ფუნქციების ერთმანეთისგან სრული გამიჯვნა – საქართველოში კვლავ არ არის შესრულებული. გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი (GGTC) ჯერ კიდევ არ არის სერტიფიცირებული ევროპული წესებით. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია, პრაქტიკული ნაბიჯები კვლავ არ არის გადადგმული. ანგარიშში წერია, რომ ამ დარღვევის გამო „საქართველოს წინააღმდეგ საქმე კვლავ ღიაა“.

4. რეგულირებული და სუბსიდირებული ფასები:

ანგარიშის თანახმად, ბაზრის ლიბერალიზაციის ნაცვლად, სახელმწიფო კვლავ აქტიურად ერევა ფასწარმოქმნაში. მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი რეგულირდება და სუბსიდირდება სახელმწიფო კომპანია GOGC-ის მიერ, ხოლო თბოელექტროსადგურები გაზს „სოკარისგან“ შეღავათიანი ფასებით იღებენ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც ფასს მიწოდება-მოთხოვნა უნდა ადგენდეს.

საბოლოო ჯამში, ენერგეტიკული გაერთიანების ანგარიშის თანახმად, საქართველოს გაზის სექტორი ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებად რჩება. რეფორმები, რომლებიც კონკურენციას, გამჭვირვალობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბაზარს უნდა ემსახურებოდეს, ან შეჩერებულია, ან ირღვევა.

აღსანიშნავია, რომ, რადგან საქართველო მხოლოდ მესამე ქვეყნებთან არის დაკავშირებული, ის გათავისუფლებულია ურთიერთჩართვის წერტილებში ენერგეტიკული გაერთიანების გაზის კანონმდებლობის (acquis) გამოყენებისგან. გადასინჯული რეგულაცია (EU) 2022/869, როგორც ის ენერგეტიკულ გაერთიანებაშია მიღებული, ამჟამად არ ვრცელდება საქართველოზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები