მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში იმ განათლების მიღება შესაძლებელია, რომელიც სილიკონ ველზე მოხვედრის საშუალებას აძლევს ადამიანს"

58baddf47d48e
BM.GE
04.03.17 19:30
2540
27 წლის დათო თვალჭრელიძე სილიკონ ველიზე ერთ-ერთი კომპანიის Palantir Technologies-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია. ის აღნიშნულ კომპანიაში უკვე მესამე წელია მუშაობს. მანამდე ერთი წელი ლონდონის ფილიალში საქმიანობდა, ახლა კი სათავო ოფისში მუშაობს, რომელიც კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში მდებარეობს. როგორ მოხდა ახალგაზრდა ქართველი პროგრამისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ - „ბიზნესკონტრაქტთან“ დათო თვალჭრელიძე საუბრობს.

- გვიამბეთ დღევანდელი თქვენი საქმიანობის შესახებ, შეერთებულ შტატებში მოსახვედრად რა გზა გაიარეთ?

- ამ კომპანიაში ორი წლის წინ მოვხვდი. ახლა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ვარ. ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრტოდუქტზე - Palantir Gotham-ზე ვმუშაობ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები ფართოდ გამოიყენებენ, რომელიც მათ არასტრუქტურული მონაცემების ვიზუალიზაციასა და დამუშავებაში ეხმარება. პროგრამირებით საკმაოდ ადრეული ასაკიდან ვარ დაინტერესებული. ვსწავლობდი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, სადაც დავიწყე ინფორმატიკისა და პროგრამირების სწავლა. შემდეგ სასკოლო ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი, რაც მომავალში რეზიუმის შედგენაში დამეხმარა. ჩემი რეზიუმის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სკოლის პერიოდს უკავშირდება. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლი მაქვს აღებული. თსუ-ში სწავლის პერიოდში სტაჟირებაზე რამდენჯერმე მოვახერხე წასვლა და შემდეგ უკვე LinkedIn-ის საშუალებით ჩემი ამჟამინდელი დამსაქმებლები დამიკავშირდნენ, გასაუბრება გავიარე და აქ მოვხვდი.

- რამდენად რთულია ტექნოლოგიურ კომპანიაში მოხვედრა ჩვენი ქვეყნიდან და აშშ-ში მუშაობა განვითარების რა საშუალებას იძლევა?

- აქ მოხვედრა, იმ მხრივ, რომ ბევრი ვერ ხვდება საკმაოდ რთულია, თუმცა პირადად მე Google-ში დაახლოებით შვიდ ქართველს ვიცნობ, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაამთავრეს უნივერსიტეტები მოხვდნენ აქ. ვფიქრობ, რომ საქართველოში იმ განათლების მიღება შესაძლებელია, რომელიც აქ მოხვედრის საშუალებას აძლევს ადამიანს. ამაში თვითგანვითარებასაც დიდი წვლილი აქვს ცხადია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის და საკმაოდ ბევრმა შეძლო ეს. ასევე არსებული კონტიგენტი ეხმარება სხვებს აქ მოხვედრაში. როდესაც გამოცდილება გროვდება, წესით ეს უფრო და უფრო მარტივი უნდა გახდეს.

- ამ მიმართულებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თუ ადევნებ თვალყურს, თუ თანამშრომლობ მათთან და აპირებთ თ არა, რომ გამოცდილება, რომელსაც დააგროვებთ დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროთ?

- ამ დრომდე კავშირი არ მქონია, თუმცა გამოცდილების გაზიარების მომხრე ნამდვილად ვარ.

აქ მოხვედრის შემდეგ, ჩემი დამოკიდებულება ძალიან ბევრი რამის მიმართ შეიცვალა. გარემო ბევრად განსხვავებულია და თავიდან ამ ყველაფერთან შეგუება ცოტა რთულია, რადგან თვლი, რომ აქ ყველა შენზე ჭკვიანია, თუმცა ნელ-ნელა ეჩვევი და ეგუები. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ პროფესიულად გაიზარდო. უბრალოდ, აქ მეტი შესაძლებლობებია, როგორც პროფესიული, ასევე ანაზღაურების მხრივ.

- არის თუ არა განსაზღვრული თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჯერჯერობით თავს ამ კომპანიაში ძალიან კარგად ვგრძნობ. შეიძლება რამდენიმე წელიწადში შევიცვალო კიდეც, მაგრამ ამჟამად ამასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ მაქვს. საქართველოში დაბრუნებას რაც შეეხება, ეს ალბათ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება განხილული, დაახლოებით მაშინ, როდესაც ჩავთვლი, რომ აქ ან აღარ ვიზრდები, ან უკეთესი შესაძლებლობები მექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები