საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით სწორია. მისივე თქმით, სებ-ის პოლიტიკას საერთაშორისო ორგანიზაციებიც პოზიტიურად აფასებენ.
"საქართველოში ინფლაცია კარგ დონეზეა, ის არის დაბალი და რეგიონში ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ დაბალი ინფლაცია მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზეა, რაც ნიშნავს, რომ ეს ყოველივე მოსახლეობის კეთილდღეობაში უნდა აისახოს. ინფლაციის პოლიტიკის მართვა ეროვნული ბანკის მხრიდან აბსოლუტურად სწორი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ამაზე არაერთი არა მხოლოდ მხარდამჭერი განცხადება, არამედ დოკუმენტი არსებობს. საუბარია როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდზე, ისე სარეიტინგო ორგანიზაციებზე, რომელთა მიერ საქართველოს მონეტარული პოლიტიკა მაღალ დონეზეა შეფასებული.
წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლებელია უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ჭერია, რადგან ეს პროცესი კარგად მიდის. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგალითად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით", - ამბობს დუნდუა.