მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების დანერგვის მოდელი, შესაძლოა სხვადასხვა რეგიონში გამოვიყენოთ"

5b16440ad8a4a
BM.GE
05.06.18 12:03
454
"დღესდღეობით ინტერნეტ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პოლიტიკა და რეგულაციები. ჩვენ განვიხილავთ იმ პოლიტიკას, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ინტერნეტმმართველობის მოდელი. ის უნდა შემუშავდეს ყველა მოთამაშის მონაწილეობით და ასახოს ყველა ის მოთხოვნა თუ საჭიროება, რომელიც დღეს არსებობს ინტერნეტსაზოგადოებაში“ - ამის შესახებ ინტერნეტსაზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, რაულ ეჩებერიამ მედიის წამომადგენლებთან განაცხადა. ეჩებერია თბილისში მიმდინარე მასშტაბური ინტერნეტმმართველობის ფორუმის, „ევროდიგ2018“-ის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია.

მისი განცხადებით, „ევროდიგის“ ფარგლებში მიმდინარე დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერნეტსაზოგადოებებისთვის. „ჩვენ სხვადასხვა პანელზე სხვადასხვა თემას განვიხილავთ, მათ შორის ინტერნეტმმართველობის ზოგად გამოწვევებს, თუ რა ვითარებაა ამ მიმართულებით მსოფლიოში და ევროპის ქვეყნებში. მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, ერთ-ერთ პრობლემად რჩება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ვცდილობთ, რომ აღმოვფხვრათ ეს უდიდესი პრობლემა“ - აღნიშნა ინტერნეტსაზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა.

ეჩებერიას შეფასებით, ამ კუთხით ძალიან საინტერესო გამოცდილება გვაქვს საქართველოში - „ინტერნეტსაზოგადოება, მთავრობა, მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიები თანამშრომლობენ იმისთვის, რომ ინტერნეტისადმი წვდომა უზრუნველყონ მათთვის, ვისაც ეს აქამდე არ ჰქონია. ამ თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითი გვაქვს თუშეთში განხორციელებული პროექტის სახით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობის საფუძველზე უახლესი ტექნოლოგიები დაინერგოს იქ, სადაც ეს ტექნოლოგიები არასოდეს ყოფილა. ამ მოდელის გამოყენება შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“ - აცხადებს რაულ ეჩებერია.

"ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე" წელს თბილისში იმართება. ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მასში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე სტუმარი, მათ შორის ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით მარია გაბრიელა. ღონისძების ერთ-ერთი სპონსორია Bitfury ჯგუფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები