"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოში კონიაკის ჩამოსხმა იწყება. უწყების ცნობით, ფრანგული კონიაკის „NAPOLEON“ წარმოებას „მეღვინეობა კაჭრეთი" იწყებს.
ცნობისთვის, სონღულაშვილმა მეღვინეობა ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად დაათვალიერა.
„დღევანდელი დღე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ისტორიულია. საქართველოში იწყება კონიაკის ჩამოსხმა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პირველად არის მოცემულობა, როდესაც საფრანგეთის გარეთ ხდება კონიაკის ბრენდის გატანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის და მეგობრობის შედეგი, რომელიც საფრანგეთს და საქართველოს შორის არსებობს; მოგეხსენებათ, რომ კონიაკის ისტორია საქართველოში მე-19 საუკუნიდან იწყება. 1888 წელს, დავით სარაჯიშვილმა პირველად ჩამოასხა საქართველოში ბრენდი კონიაკი. დავით სარაჯიშვილი საფრანგეთში სამწლიანი სწავლების შემდეგ ჩამოვიდა და კონიაკის ისტორია საქართველოში სწორედ აქედან დაიწყო; შემდგომში გავიდა სომხეთში და აზერბაიჯანში.
ეს ტრადიცია, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნე ნახევარია მოგვყვება, დღეს კიდევ ერთხელ აღდგა. ეს არის დიდი შრომის და დიდი ნდობის შედეგი. ეს არის, პირველ რიგში, ნდობა პარტნიორობის მიმართ, ნდობა ქვეყნის მიმართ, ნდობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართ. საქართველო, ფაქტობრივად, არის რეგიონში მშვიდობის კუნძული და ზუსტად ეს განაპირობებს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ კონიაკი გამოდის საფრანგეთის გარეთ", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა და ამ თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის მადლობა ირაკლი კობახიძეს გადაუხადა.
"ეს თქვენი დამსახურებაა, ბატონო პრემიერო; დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის. მშვიდობა უზრუნველყოფს შესაძლებლობებს ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესისთვის აქამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დღეს შესაძლებელი გახდა. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო კარიჭაშვილების ოჯახს, მადლობა გადავუხადო კაჭრეთის ღვინის მარანს, ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა არის დასტური იმისა, რომ უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს აქვთ ნდობა საქართველოში ბიზნესგარემოს მიმართ.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციებით. ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის მეღვინეობის ისტორიული, ტრადიციული კერა და საფრანგეთი არის კონიაკის სამშობლო. ვფიქრობ, ეს საინტერესო სინთეზი მოგვცემს საუკეთესო ხარისხის პროდუქტს საქართველოში. ჩემთვის ეს თანამშრომლობა არის მორიგი დასტური იმისა, რომ უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს აქვთ ნდობა საქართველოში ბიზნესგარემოს, ჩვენი კანონმდებლობისა და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის თანამშრომლობას უცხოურ კომპანიებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც bm.ge-ის "მეღვინეობა კაჭრეთის" დირექტორმა განუმარტა, თანამშრომლობის ფარგლებში საფრანგეთიდან გამოიგზავნება მასალა (საკონიაკე სპირტი) საქართველოში და კაჭრეთში მოხდება მისი დამუშავება. ბოთლზე კი როგორც საქართველო, ასევე საფრანგეთი იქნება მითითებული. წარმადობასთან, ინვესტიციის მოცულობასა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით bm.ge-ის მეღვინეობაში კითხვები აქვს გაგზავნილი და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.




























