ჯანდაცვის სერვისებზე ფასების ზრდის გამო ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევაც ძვირდება. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში დაზღვევის ამ კატეგორიაში ფასების ზრდამ 8,5% შეადგინა.
საქმე ის არის, რომ საქართველოში ბოლო თვეებში ჯანდაცვის ინფლაცია დაჩქარდა და ოქტომბერში 8,4%-მდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში წლიურად 5%-დან 15%-მდეა გაძვირებული ზოგიერთი მედიკამენტი და სამედიცინო სერვისის ღირებულება, ამბულატორიული მომსახურებაში კი პაციენტებს თითქმის 12%-ით ძვირის გახდა უწევთ, ვიდრე შარშან.
სადაზღვევო კომპანია “არდის” გენერალური დირექტორის თქმით, სამედიცინო სერვისების სახეობებიდან გამომდინარე კომპანიების ფასნამატი განსხვავებულია. “არდის” შემთხვევაში სადაზღვევო პოლისებზე ფასის ზრდა სტაბილურად, 10%-ის ფარგლებში ლავირებს.
“საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში გარკვეული ტიპის მატებები ჩანს. ჩვენც ვგრძნობთ, ცხადია ამ მატებას, თუმცა აქ უკვე მნიშვნელობა აქვს, როგორია კომპანიის პოლიტიკა ფასწარმოქმნასთან მიმართებით.
არის კომპანიები, სადაც იმ სერვისების შესყიდვა ხდება, რომელიც უფრო მეტად გაძვირდა, ან იმ სერვისების, რომელიც შედარებით ნაკლებად გაძვირდა. ამიტომ კომპანიებს განსხვავებული გაძვირების ტალღა აქვთ ხოლმე.
ჩვენს შემთხვევაში ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სტაბილურად მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული ტიპის კერები, სადაც გაძვირება შეინიშნება, ჯერჯერობით, როგორც სტაბილურად მივდიოდით მთელი წლის მანძილზე, დაახლოებით 10%-იანი გაძვირებით, აი ამ 10%-იანი გაძვირებით მივდივართ. კომპანიის პოლიტიკაა ზოგადად, რომ არ გვქონდეს ნახტომისებური ეფექტები.
წლების წინ იყო გარკვეული ტიპის სწრაფი მომატება ფასებში, რომელზედაც შემდეგ ძალიან რთულია ხოლმე ითარგმნოს ფასწარმოქმნაში, იმიტომ რომ მომხმარებელი ამისთვის მყისიერად მზად არ არის. ამიტომ კომპანიას აქვს გარკვეული ტიპის პოლიტიკა შემუშავებული, როგორ მოახდინოს ამ ეფექტების გასაშუალოება. ასე ვმოძრაობთ ჩვენ უკვე წლებია და წლევანდელ წელსაც ასე მივყვებით.
ერთი რამეც ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ კომპანიებში შედარებით მყისიერი ფასნამატები შეინიშნება. ჩვენც ვხედავთ, რომ ზოგიერთ კონკურენტს უწევს ასეთი ფასწარმოქმნა, სავარაუდოდ იმის გამო, რომ წინა პერიოდებში იყო დაყოვნება გარკვეული ტიპის ფასის ზრდისა და ეს ეფექტები ერთდროულად შემოდის ახლა”, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
























