მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1360 ლარია, ქალის - 851 ლარი

5c17654d4f50a
BM.GE
17.12.18 14:00
10143
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1125.5 ლარი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელს 56 ლარით აღემატება.

სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1360 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 509 ლარით ნაკლებია და 851 ლარს შეადგენს.

საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 37%-ით მეტია.

ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ქალების და კაცების ხელფასები 37%-ით განსხვავდება, ეს ნიშნავს, რომ ქალების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება გაყოფილი კონტრაქტით დასაქმებული ქალების რაოდენობაზე, არის 37%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე კაცების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება, გაყოფილი დასაქმებული კაცების რაოდენობაზე. 

სტატისტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ ქალები დღეს უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ვიდრე - კაცები. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის - Gender Gap-ის მიხედვით, საქართველო ქალებისა და კაცების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მსოფლიოში 94-ე ადგილზეა. ამ მხრივ, პირველები ისლანდია, ნორვეგია და ფინეთია. 

საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზრაურება საფინანსო სექტორშია და ის 2300 ლარს შეადგენს, ყველაზე დაბალი - 586-ლარიანი ხელფასი კი განათლებაშია.

საშუალო ხელფასები საქმიანობის სახეების მიხედვით:

განათლება - 586 ლარი თვეში;
სოფლის მეურნეობა - 702 ლარი თვეში;
სასტუმროები, რესტორნები - 906 ლარი თვეში;
კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა - 913 ლარი თვეში;
დამამუშავებელი მრეწველობა - 960 ლარი თვეში;
ჯანდაცვა - 985 ლარი თვეში;
ვაჭრობა - 1028 ლარი თვეში;
სახელმწიფო მმართველობა - 1320 ლარი თვეში;
ენერგეტიკა - 1329 ლარი თვეში;
სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1359 ლარი თვეში;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1402 ლარი თვეში;
მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა - 1482 ლარი თვეში;
მშენებლობა - 1721 ლარი თვეში;
საფინანსო საქმიანობა - 2354 ლარი თვეში.

აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან არის შემდგარი; შესაბამისად ის არ მოიცავს ინფორმაციას, იმ ათასობით ადამიანის საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ სექტორში არაფორმალურად, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები