მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კაცის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 37%-ით აღემატება ქალის ხელფასს

580611d090322
BM.GE
18.10.16 16:05
1527
2016 წლის პირველ ნახევარში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება გაზრდილია (5.4%, 48.5 ლარი) 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2016 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 6.7% - იანი ზრდა, ხოლო მეორე კვარტალში ზრდის ტემპი შემცირდა და მხოლოდ 4.3% შეადგინა.

PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2016 წლის პირველ ნახევარში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება გაზრდილია ყველა დარგში, გარდა ოპერაციები უძრავი ქონებით (-2.8%, -31 ლარი) და სოფლის მეურნეობისა (-26.4% - I კვ., -4.6% - II კვ.). დასაქმებულთა ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობასა (12.9%, 157 ლარი) და თევზეჭერაში (22.7%, 152 ლარი).

2016 წლის პირველ ნახევარში არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება ყველაზე მაღალია საფინანსო დარგში (1856.6 ლარი), შემდეგ მოდის სახელმწიფო მმართველობა (1350.8 ლარი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (942.8 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება ფიქსირდება განათლების დარგში (505.1 ლარი).

2016 წლის პირველ ნახევარში სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება ყველაზე მაღალია მშენებლობაში (1387.0.ლარი), ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (1204.2 ლარი) და სამთომოპოვებით მრეწველობაში (1191.5 ლარი). სამეწარმეო სფეროში ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება ფიქსირდება სოფლის მეურნეობაში (542.1 ლარი).

სოფლის მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება სამეწამრეო და არასამეწარმეო დანიშნულების მიხედვით მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდებოდა. 2012 წელს სამეწარეო სფეროში უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება ფიქსირდებოდა, თუმცა 2013 - 14 წლებში მდგომარეობა შეიცვალა და არასამეწარმეო დარგში ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2015 წლიდან სხვაობა სოფლის მეურნეობის სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას შორის შემცირდა და 2016 წლის პირველ კვარტალში 53.6 ლარი, ხოლო მეორე კვარტალში 68.5 ლარი შეადგინა.

განათლებაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება სამეწამრეო სფეროში ყოველთვის უფრო მაღალი იყო არასამეწარეო სფეროსთან შედარებით. შრომის ანაზღაურებებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა 2014 წელს, თუმცა შემდეგ კვლავ გაიზარდა და 2016 წლის პირველ კვარტალში სხვაობამ 74.5 ლარი, ხოლო მეორე კვარტალში 90.1 ლარი შეადგინა.

მამაკაცთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 37%-ით აღემატება ქალთა ხელფასს.

აღნიშნულ პერიოდში მამაკაცთა საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება ქალთა საშუალო ყოველთვიურ ნომინალურ ხელფასს. 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით მამაკაცთა საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არის 1140 ლარი, ხოლო ქალთა საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 721 ლარია, რაც 37% - ით ნაკლებია მამაკაცთა ანაზღაურებაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალთა შრომის ანაზღაურება უფრო მეტად იზრდება, ვიდრე მამაკაცთა.

2016 წლის პირველ კვარტალში ქალთა და მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ზრდის ტემპი 7% იყო. ქალთათვის ეს შედეგი 2016 წლის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდა (7%), ხოლო მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ზრდამ იკლო და 3% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები