მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში კალმახის წარმოება მინიმუმადე შემცირდა"

5a65a0af5da75
მაია ბიწაძე
22.01.18 13:00
2603
აჭარის რეგიონში საკალმახეების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მინიმუმამდეა შემცირებული,- ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ კვლევაში. რეგიონში ამჟამად 27 საკალმახე მეურნეობა ფუნქციონირებს, რომელთა უმეტესობა ქედასა და ქობულეთშია. როგორც „ფორეჯის“ დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ განაცხადა, მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საკალმახე მეურნეობების რაოდენობა 2010-2012 წლებში 120 იყო, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა: ქედა 57%, ხელვაჩაური 24% , ქობულეთი 11%, შუახევი 6% , ხულო 2 %. მისივე განმარტებით, საკალმახეების ასეთი მკვეთრი შემცირება დარგში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია, რომელიც დაუყოვნებლად მოგვარებას საჭიროებს.

"მეურნეობების გაჩერების მიზეზი ბევრი პრობლემაა: თევზის დაავადებები, უკონტროლო პრეპარატები, ლაბორატორიის და სპეციალისტების არარსებობა, ცოცხალი თევზის უკონტროლო იმპორტი, უხარისხო საკვები, რომლის კონტროლიც არ ხდება, ასევე საჭიროა, ფერმერების მეტი ინფორმირებულობა, თუ როგორ მოუარონ თევზს და აწარმოონ ბიზნესი. აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ცოცხალი კალმახის მასობრივი მწარმოებელი და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს, რადაგან რეგიონში უამრავი მდინარეა და კალმახის წარმოებისთვის მტკნარი წყლის დიდი რესურსია, თუმცა, დღეს აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთშია სამუშაოდ გადახვეწილი, არადა სამშობლოში მათი დასაქმების დიდი პოტენციალია", - აცხადებს სოფო დიასამიძე.

მისივე თქმით, დღეს ბაზარზე რეალიზებულ კალმახის მოცულობაში ადგილობრივ პროდუქტს მხოლოდ 3% უკავია.

გასული წლის 24 დეკემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც ამ სფეროს რეგულირებას ითვალისწინებს, თუმცა, მისი ამოქმედება 2023 წლისთვისაა დაგეგმილი. როგორც სოფო დიასამიძე აცხადებს, დოკუმენტი ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად შედგა, თუმცა ექვსი წლის შემდეგ მისი ამოქმედება დაგვიანებული იქნება:

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტს ახლა, თუ ის ექვსი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ამ დადგენილების თანახმად უნდა განისაზღვროს ბევრი საკითხი, რომელიც დაუყოვნებლად ჩარევას საჭიროებს, როგორიცაა: თუ რა პირობებში უნდა გაიზარდოს თევზი, რა პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული მისი მოვლის დროს, მაგალითად ევროკავშირმა დიდი ხანია აკრძალა ისეთი პრეპარატი, როგორიცაა მალაქიტის მწვანე, რადგან მიჩნეულია, რომ ეს პრეპარატი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის სქემა, ასევე უნდა განისაზღვროს, თუ რა დაშორებით უნდა განთავსდეს საკალმახე მეურნეოებები მდინარეებიდან, რომ სტიქიამ მისი წალეკვა ვერ მოახერხოს, ყველა მეურნეობას უნდა ჰქონდეს გამწმენდი ფილტრები, რომ აღმოიფხვრას საკალმახედან დაბინძურებული წყლის მდინარეებში მოხვედრა, რაც შემდეგ ბუნებრივ ფაუნას აზიანებს, აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და მთელი რიგი საკითხები, რაც დაუყოვნებლად მოგვარებას საჭიროებს“ - განაცხადა სოფო დიასამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები