"საქართველოში კარგი ვაშლი ღირს ნაკლები, ვიდრე ევროპაში", - ამის შესახებ ფერმერმა და კომპანია "ტირიფონის ბაღების" დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა „ფასების საპარლამენტო დროებითი კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ფასები, ბოლოს დაახლოებით ორი კვირის წინ შეისწავლეს - „2 კვირის წინ გამოვიკვლიეთ ევროპაში სავაჭრო ქსელებში ვაშლის ფასები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ქსელებში ჩვენი პროდუქცია ბევრად ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე სლოვაკეთსა და ავსტრიაში. საქართველოში კარგი ვაშლი ღირს ნაკლები, ვიდრე ევროპაში“, - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.
მან ვაშლის ექსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ტირიფონის ბაღებმა“ 2024 წელს თურქეთში საქართველოდან პირველად გაიტანეს , მანამდე ვაშლი თურქეთში არ გადიოდა.
"2007 წლიდან საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თანახმად, საქართველოს, წლიურად გადასახადის გარეშე 2000 ტონა ვაშლის გატანის კვოტა აქვს, რომელიც აქამდე არასოდეს ათვისებული არ იყო. 2024 წელს, პირველი 20 ტონა გავიტანეთ. შარშან მგონი, სულ მთლიანად აითვისეს 2025 წლის კვოტა, იმიტომ რომ წელს თურქეთში მნიშვნელოვანი კლება იყო მოსავლის. კმაყოფილები დარჩნენ, ახლაც ჩამოსულები არიან თურქი ვაჭრები და ეძებენ შეძენის გზებს”, - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემების თანახმად, 2025 წელს ვაშლის ექსპორტი თითქმის სამჯერ გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20 616 ტონა ვაშლი გავიდა, მაშინ როცა 2024 წელს ვაშლის ექსპორტის მოცულობა 5,8 მლნ აშშ დოლარი და 8992 ტონა იყო. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, პირველ ადგილზე რუსეთია, ხოლო მეორეზე - თურქეთი
ვაშლის საექსპორტო ქვეყნები 2025 წელს:
- რუსეთი - 12, 9 მლნ აშშ დოლარი (19 547 ტონა)
- თურქეთი - 470 800 აშშ დოლარი (480 ტონა)
- სომხეთი - 405 300 აშშ დოლარი (300 ტონა)
- ბელარუსი - 227 900 აშშ დოლარი (208 ტონა)
- ყაზახეთი - 15 000 აშშ დოლარი (60 ტონა)
- ერაყი - 12 500 აშშ დოლარი (21 ტონა)




























