მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო ნანოტექნოლოგიების საწარმო გაიხსნება - გიორგი ჭანტურია დეტალებზე

ხანძარი

იანვრიდან საქართველოში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბაზირებული კომპანია NFPT-ის (Nano Fire Protection Technology) საწარმო გაიხსნება, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო ნანოტექნოლოგიები იწარმოება. პროექტს საქართველოში NFPT-ის შვილობილი "ლიელ 2019" განახორციელებს. საქართველოში წარმოებული პროდუქცია, შიდა ბაზართან ერთად, ექსპორტზეც იქნება გათვლილი.

კონკრეტულად რას გულისხმობს NFPT-ის ნანოტექნოლოგიები და რა ტიპის პროდუქციას აერთიანებს კომპანია - ამის შესახებ დეტალურად "ლიელ 2019"-ის დამფუძნებელმა გიორგი ჭანტურიამ ისაუბრა.

"NFPT არის კომპანია, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით. მთავარი პროდუქტი არის ნანოტექნოლოგიური მიკროკაფსულები, რომლებიც პოლიმირებული გარსითაა დაფარული. თითო კაფსულა დაახლოებით 700-დან 1300 მიკრომეტრამდეა. უკვე სამი წელია, პროდუქტი სამოქალაქო მოხმარების გახდა.

ამჟამად გვაქვს ოთხი პროდუქტი გამზადებული. მათ შორის: სტიკერები, რომლებიც ელექტროგადამრთველებზე, ე.წ. შტეფსელებზე თავსდება და აალებისას იცავს; თოკები, რომლებიც სპეციალურად არის შედგენილი დახურული სივრცეების ელექტრო ყუთებისთვის, რომელიც კორპუსებშიც არის და ჩვენს ქალაქში დაახლოებით 6000-ზე მეტი ელექტრო ყუთია. თოკები შიგნიდან არის გაჟღენთილი ამ ნანოკაფსულებით; საღებავი, რასაც ვიყენებთ, მაგალითად, მძიმე ტექნიკაში. დუბაის თავდაცვის სამინისტროს და საპოლიციო მანქანების 45%-ზე მეტი უკვე ამ დამცავი ფირით არის გადაღებილი; და მეოთხე არის ცეცხლმაქრი, რომელიც არსებულ ბაზარზე არის ყველაზე კომპაქტური, დაახლოებით 600 გრამს იწონის და ხანძრის კერაზე დაგდებისას, 4 კვადრატულ არეალზე 1-წამიანი ცეცხლის ლიკვიდაცია აქვს", - განმარტა გიორგი ჭანტურიამ.

როგორც ის აღნიშნავს, NFPT-სთან კონტრაქტი საქართველოში წარმოებული პროდუქტის რეგიონის ქვეყნებში გატანასაც გულისხმობს, რითაც ქვეყანას სექტორში რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ეძლევა.

"ჩემი მთავარი მიზანი თავიდანვე იყო, რომ საქართველო ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ბაზარზე, სადაც აშენდებოდა ქარხანა და დაიწყებოდა წარმოება... ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ ორი ქარხანაა, მთავარი დუბაიში, მეორე კი დაახლოებით ოთხი თვის წინ გაიხსნა პრაღაში.

იანვრის მეორე ნახევარში აბსოლუტურად ყველა დანადგარი საქართველოში წარმოებული ჩამოდის და აბსოლუტურად ყველაფერი უკვე იქნება საქართველოში წარმოებული. ჩვენ ასევე ჩვენი რეგიონი გვაქვს დაფარული, NFPT-სთან მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი "ლიელ 2019"-ით, რომელიც 30-წლიან ექსკლუზივს გვაძლევს. ასევე ჩაკეტილი გვაქვს ჩვენი რეგიონი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი და ვფიქრობ, რომ ეს იქნება გარდამტეხი სიტყვა ხანძართან ბრძოლის წინაშე", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

როგორც "ლიელ 2019"-ის დამფუძნებელმა განმარტა, ხანძარსაწინააღმდეგო ნანოტექნოლოგიების მონტაჟი მარტივია და მათი ინტეგრაცია არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემასთან ერთადაც შეიძლება, რადგან ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები