საქართველოში თიბისის ხელის გულით გადახდის სერვისი უკვე 70-მდე პარტნიორ ობიექტშია ხელმისაწვდომი. ამის შესახებ თიბისის გადახდების ლიგის ლიდერმა დავით მესხიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
"თიბისი ბანკმა" ხელის გულით გადახდის სერვისი გასულ კვირას დანერგა და გადახდების ეკოსისტემას ბიომეტრიული გადახდის ახალი მეთოდი - Palm Payment დაამატა.
დავით მესხიძე აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიის დანერგვა ეტაპობრივად მიმდინარეობს, კომპანიისთვის კი ამ პროცესში მთავარი მომხმარებლის გამოცდილებაა.
მისი ინფორმაციით, ახალი მეთოდი ხელის გულის უნიკალური ბიომეტრიული მახასიათებლების ამოცნობას ეფუძნება. პრინციპი Face ID-ის მსგავსია: მოწყობილობა კითხულობს ხელის გულის ინდივიდუალურ სტრუქტურას, რეგისტრაციის შემდეგ კი მას ციფრულ შაბლონად გარდაქმნის. ეს მონაცემი გადახდის მეთოდის გამოსაყენებლად ინახება თიბისის დაცულ სერვერებზე.
„აღნიშნული ტექნოლოგია Face ID-ის მსგავსი ტიპის არის, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ როგორც ტელეფონის განბლოკვისთვის, ისე სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად. ჩვენი მოწყობილობა კითხულობს ხელის გულის უნიკალურ სტრუქტურას. რეგისტრაციის შემდეგ ეს ყველაფერი ციფრულ შაბლონად გარდაიქმნება და მხოლოდ გადახდის მეთოდის დროს გამოიყენება. მონაცემები, რა თქმა უნდა, ჩვენს ყველაზე დაცულ სერვერებზე ინახება.
ერთჯერადი რეგისტრაციაა და ამის შემდეგ ნებისმიერ ობიექტში, სადაც ჩვენი გადახდის მეთოდია წარმოდგენილი, მომხმარებელი უკვე ხელის გულით გადაიხდის. წარმოიდგინეთ, რამდენად მარტივია: შედიხართ მაღაზიაში, ირჩევთ სასურველ პროდუქტს და ამისთვის არც ტელეფონი გჭირდებათ, არც საბანკო ბარათი და არც საფულე - უბრალოდ ხელის გული მიგაქვთ მოწყობილობასთან და გადახდა სრულდება“, - განაცხადა დავით მესხიძემ.
მისივე განმარტებით, ერთი ხელის გულის მიბმა ერთ საბანკო ანგარიშთან არის შესაძლებელი. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია მარჯვენა და მარცხენა ხელის გულებზე სხვადასხვა ანგარიშები დაარეგისტრიროს. ამ ეტაპზე თითოეულ ხელზე ერთი ანგარიშის მიბმაა შესაძლებელი.
რაც შეეხება სერვისის გამოყენების ადგილებს, შესაბამისი პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი თიბისის მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. მესხიძის თქმით, ხელის გულით გადახდისთვის განკუთვნილი მოწყობილობა სტანდარტული POS-ტერმინალისგან განსხვავდება, ხოლო პარტნიორი ობიექტების თანამშრომლები მომხმარებლებს ოპერაციის შესრულებაში ეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ხელის გულით გადახდის ტექნოლოგია თიბისიმ თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში დანერგა. მესხიძის განცხადებით, ეტაპობრივი დანერგვის მიზანი პროცესზე დაკვირვება, მომხმარებლებისა და ბიზნესპარტნიორების უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
„ამ ეტაპზე ჩვენი ხელის გულით გადახდის მეთოდი 70-მდე წერტილშია წარმოდგენილი. გეგმის მიხედვით მივდივართ, რადგან გვინდოდა, ამ ტექნოლოგიის დანერგვა ეტაპობრივი ყოფილიყო. ამის მარტივი მიზეზი არსებობს - ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის გამოცდილება. საპილოტე რეჟიმში გაშვების შემდეგ ვაკვირდებოდით მთლიან პროცესს და ახლაც ვსწავლობთ ოპერაციებს, ვუსმენთ მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს, რომლებიც უკუკავშირს გვაწვდიან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის მასშტაბირებას ვფიქრობთ, თუმცა პირველ რიგში გვინდა, მომხმარებლის გამოცდილება ისეთი იყოს, როგორსაც ის თიბისისგან ელოდება“, - აღნიშნა მესხიძემ.
დავით მესხიძის შეფასებით, ხელის გულით გადახდის ტექნოლოგიის დანერგვით საქართველო იმ ქვეყნების რიგს უერთდება, სადაც მომხმარებლებს გადახდის მსგავსი ინოვაციური მეთოდებით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა არსებობს აშშ-ში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, თიბისის მიზანი კი საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომხმარებლისთვის მათი ხელმისაწვდომობაა: „ჩვენი მიზანიც ზუსტად ეს იყო. მოსახლეობა ეცნობა ტექნოლოგიურ სიახლეებს და თვალს ადევნებს საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს - რა ხდება აზიაში, ევროპასა თუ ამერიკაში. ვფიქრობდით, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, იყოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რომლებიც ასეთ ტექნოლოგიებს ნერგავენ. გვინდა, მომხმარებლები მხოლოდ ინფორმაციას კი არ ეცნობოდნენ, არამედ თავად იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები და ჩვენი დახმარებით ნახონ, როგორ მუშაობს ესა თუ ის ტექნოლოგია“, - განაცხადა მან.
"თიბისის" გადახდების ლიგის ლიდერმა სამომავლო სიახლეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია გადახდების მიმართულებით ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავს. მათ შორის, შეეხო American Express-ის ბარათებით ხელის გულით გადახდის შესაძლებლობასაც, რომლის დამატებაზეც, მისი ინფორმაციით, მომდევნო წელს მუშაობა იგეგმება.
























