აზერბაიჯანის წამყვანმა კორპორაციულმა PASHA Bank-მა 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამა. ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე, BMG-ის ბიუროს კითხვაზე, რა გეგმები აქვს ბანკს საქართველოში, PASHA Bank-ის CEO-ს მოადგილე ბეჰრუზ ნაგიევმა აღნიშნა, რომ მათთვის საქართველოში კორპორაციული საბანკო სექტორი უფრო მოგებიანი აღმოჩნდა.
“როცა საქართველოს საბანკო სექტორს ვუყურებთ, ვხედავთ ორი ბანკის - თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის დომინანტობას. მესამე მსხვილი ბანკია ლიბერთი. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბაზარზე უფრო რელევანტურია რიტეილიდან კორპორაციულ მიმართულებაზე გადართვა. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ კორპორაციული სექტორი უფრო მოგებიანია. ამ მიზეზის გამო და ასევე ამ სექტორში არსებული პოტენციალის და ასათვისებელი სივრცის გათვალისწინებით, უფრო უპრიანი იქნება ამ მიმართულებით ფოკუსირება. თუ შედეგებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხანგრძლივი წაგებიანობის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ მოგების მიღება”, - განაცხადა PASHA Bank-ის CEO-ს მოადგილე ბეჰრუზ ნაგიევმა.
კითხვაზე - გეგმავს თუ არა PASHA Bank-ი საქართველოში გაფართოებას, ნაგიევმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ბანკი გააგრძელებს იმ შემადგენლობით და პორტფელით მუშაობას, როგორც ახლა მუშაობს. “ფილიალები რელევანტური მხოლოდ რიტეილ სექტორშია, PASHA Bank Georgia კი კორპორაციული ბანკია. ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას არსებული შემადგენლობით”.
PASHA Bank-ი ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. იგი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
PASHA Bank-მა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2024 წლის იანვარ-ივლისის მდგომარეობით, მისმა მოგებამ 4,457,000 ლარი შეადგინა.




























