მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში LPG საწვავის დეფიციტია - თხევადი გაზის ასოციაცია

თხევადი გაზი

საქართველოში LPG საწვავის დეფიციტია. ამის შესახებ Bm.ge-ის ინფორმაცია "თხევადი გაზის ასოციაციის" ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ დაუდასტურა. მისი თქმით, დეფიციტის მიზეზი რუსეთში არსებული ვითარებაა, სადაც ქარხნები შეფერხებით მუშაობს. საქართველოში კი აღნიშნული ტიპის საწვავის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ხდება.

“რუსეთში საწვავთან დაკავშირებით პრობლემებია. ომია. ხან რომელი ქარხანა ზიანდება და ხან რომელი. შესაბამისად, შეიქმნა დეფიციტი. იქ ფასებიც გაორმაგდა“, - განმარტა ნიკა ხოფერიამ და დასძინა, რომ ფასები დეფიციტის ფონზე, საქართველოშიც მკვეთრად გაიზარდა.

მისივე თქმით, ვითარება ამ მხრივ განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორი კვირის წინ, კრასნოდარის მხარეში „როსნეფტის“ ერთ-ერთ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და მისი მუშაობა შეფერხდა.

„შესაბამისად, შეიქმნა დეფიციტი. რუსეთის ბირჟაზევე არ არის საკმარისი მოცულობები, თავადაც დეფიციტი აქვთ“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება საქართველოში მოხმარების კუთხით არსებულ ტენდეციას, ნიკა ხოფერიას განმარტებით, წლიურ ჭრილში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თხევად გაზზე გადასვლის შედეგად მატება 5-10%-ია. თუმცა თუ ბოლო რამდენიმეთვიან ჭრილში ვისაუბრებთ, მოხმარება დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი ტურისტული სეზონიდან გამომდინარე.

„ახლა ტურისტული პერიოდიდან გამომდინარე, ბევრი ტურისტია, მათ შორის სომხეთიდან, რუსეთიდან მანქანით შემოსული და ისინი ამ ტიპის საწვავს იყენებენ. შესაბამისად, ახლა ტურისტულ სეზონზე მოხმარების მატება დაახლოებით 30%-ია“, - განაცხადა "თხევადი გაზის ასოციაციის" ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, დღეს პეტერბურგის ბირჟაზე 1 ტონა LPG დაახლოებით 40 000-45 000 (451$-510$) რუბლად ივაჭრებოდა, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე გაორმაგებული ფასია.

რაც შეეხება იმპორტის სტატისტიკას, 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული LPG საწვავის მოცულობამ დაახლოებით 37 000 ტონა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები