კოოპერატივმა "ბეთლემმა" ლურჯი მოცვის პირველი მოსავალი მიიღო. როგორც კოოპერატივის დამფუძნებელმა ამირან დიასამიძემ Bm.ge-ს განუცხადა, პლანტაციამ, რომელიც აჭარაში, სოფელ "გულებში“ ორი წლის წინ 4,5 ჰექტარზე გააშენეს, პირველი ნიშანი გამოიღო. 120 კილოგრამი მოცვი უკვე გაყიდეს, სეზონის დასრულებამდე მოსავალს კიდევ მიიღებენ. კენკრა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდეს, კილოგრამი - 10 ლარად, თუმცა მაღაზიებში მისი ფასი 15 ლარამდეა.
"როდესაც პლანტაცია სრულ მსხმოიარობას მიაღწევს, სეზონზე 10-12 ტონა მოსავალს მივიღებთ, ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა და გვეშინია შემდგეგში მისი რეალიზაციის პრობლემა არ შეგვექმნას. კარგი იქნება, თუ მთავრობა ამ მიმართულებით დაგვეხმარება, ჩასაბარებელ პუნქტს შექმნიან და მოკრეფილ კენკრას პირდაპირ იქ ჩავაბარებთ. გლეხკაცისთვის ეს დიდი დახმარება იქნება, ჩვენ აღარ მოვცდებით რეალიზაციაზე და ამ დროს ბაღში ვიმუშავებთ. მთავრობას კი შეუძლია ისეთი მექანიზმი შექმნას, რომ კენკრის რეალიზაციიდან მოგებაც მიიღოს" - განაცხადა ამირან დიასამიძემ. მისი თქმით, ის პროგრამები რასაც ხელისუფლება და ENPARD უკვე ახორციელებს, ფერმერებს ძალიან დაეხმარა.
კოოპერატივმა 2016 წელს, პლანტაციის გასაშენებლად საჭირო თანხა, გრანტის სახით სწორედ ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მოიპოვა. 8 700 ლარი ამერიკული ჯიშის, ლურჯი მოცვის ნერგების ყიდვას და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟს მოხმარდა. მოცვის პლანტაციის მოვლაში კოოპერატივის ხუთი წევრია ჩართული, ყოველ სეზონზე კი, როდესაც მოცვის კრეფა დაიწყება, 15 ადამიანს დაასაქმებენ.

























